
რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
23/10/2020 12:12:23 კონფლიქტები, რეკლამა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა.
აფხაზეთის მთავრობის ცნობით, რუსლან აბაშიძემ პოლონეთის ელჩს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და აფხაზეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე დევნილი საზოგადოების ხელშეწყობის მიზნით და მათი უშუალო ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირველი მდივანი მარცინ მამონი, მესამე მდივანი ადამ გნიაზოვსკი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.