პომპეომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები გამართა

23-10-2020 19:39:12

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები გამართა. პომპეომ თავდაპირველად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართა მოლაპარაკებები, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.

დიპლომატებს შეხვედრების შემდეგ მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებიათ.

პარალელურად რუსული მედია ავრცელებს ცნობას, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მომუშავე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვიც.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები