ზუგდიდში ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
24/10/2020 07:12:47 სამართალი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ.
„ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


