როგორ აღმოჩნდა დავით ხვიბლიანი ბანკში და მძევალთა რიგებში

24-10-2020 13:22:03 სამართალი

სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ განხორციელებულ თავადსხმაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს; ამბობს, რომ შსს–ს მისით არ დაინტერესებულა, არ დაუსვამთ კითხვები და მათგან, ვინც მის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს თავადაა თავდამსხმელი, ბოდიშის მოხდას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვიბლიანი ამბობს, რომ სამართლებრივ გზებს მიმართავს.

„კონკრეტული პირების და ტელევიზიების მიერ გაჟღერდა ტყუილი, ცილისწამება, ცრუ ბრალდება, თითქოს მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და თანამზრახველად მყოლია ასევე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი. ეს აბსოლუტური ტყუილი და გადაუმოწმებელი ინფორმაციაა“,– განუცხადა ჟურნალისტებს თემურ ხვიბლიანმა.

მისივე თქმით, გაჟღერებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ეს პირადად მასაც შეეხო:

„მე, როგორც სამხედრო მოსამსახურე, წლებია შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობ, ამ ფაქტის განსჯა მიმინდვია ჩემი თანამებრძოლებისთვის, ვისთან ერთადაც ვმსახურობ, მიმსახურია, ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის და ა.შ. ასევე მოვითხოვ, გარკვეული დოზით ბოდიშის მოხდასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს სამართლებრივი გზები, რომელთაც აუცილებლად მივმართავ“.

ამასთან, თემურ ხვიბლიანმა ისაუბრა, როგორ აღმოჩნდა დავით ხვიბლიანი 21 ოქტომბერს ბანკში.

„პირადად მე მეამაყება დავით ხვიბლიანი: ის სრულად შემთხვევით აღმოჩნდა ბანკში – იმყოფებოდა არა დათხოვნაში, არამედ დისტანციურ რეჟიმზე, მიიღო ხელფასის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინება და მივიდა ბანკში. რაღაც დროის შემდეგ შემოვარდა მძარცველი და ხვიბლიანი მოჰყვა მძევალთა რიგებში. დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა, რომ მძევლები უვნებლად გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან. მას ლომის წვლილი მიუძღვის მძევლების უსაფრთხოდ გამოსვლაში“,– განაცხადა თემურ ხვიბლიანმა, თუმცა დავით ხვიბლიანის კონკრეტულ როლზე არ უსაუბრია.

ცნობისთვის: 21 ოქტომბეს ზოგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული ბოროტმოქმედი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. 24 ოქტომბრის მდგომარეობით, მძევლები თავისუფლები არიან, თავისუფალია ბოროტმოქმედი, ნახევარი მილიონი კი გატაცებულია. 22 ოქტომბერს შს მინისტრმა დააზუსტა, რომ მძარცველს სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი თანხა გადასცეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები