"აქამდე ქვეყნის ღირსებას ეროვნული ნაკრების მაისურით ვიცავდი, ამიერიდან, მნიშვნელოვანი იქნება კანონშემოქმედებითი საქმიანობა სპორტის სფეროში"

24-10-2020 16:24:50 პოლიტიკა ,რეკლამა

„აქამდე ქვეყნის ღირსებას, ჩვენი ეროვნული ნაკრების მაისურით ვიცავდი. ამიერიდან, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი კანონშემოქმედებითი საქმიანობა სპორტის სფეროში”, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ვიქტორ სანიკიძემ ქუთაისში, განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

სანიკიძის თქმით, სპორტის განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„უკვე მზადაა სპორტის კანონის პროექტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ და ის იქნება გარანტი სპორტის განვითარების და მასში ჩართულობის, მასობრიობის ზრდის. სპორტი განვითარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით - სკოლამდელი ფიზიკური აღზრდა, სასკოლო სპორტი და ფიზიკური აღზრდა, საუნივერსიტეტო სპორტი და სპორტი ყველასათვის. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა პარასპორტის მხარდაჭერა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს, პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, გვყავს პარაოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. ჩვენ ამ ადამიანებით ძალიან ვამაყობთ, თავად კი ისინი იქცნენ ბევრი ჩვენი თანამოქალაქის მისაბაძ მაგალითად. მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სპორტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირთა ჩართულობასა და მასობრიობაზე. სწორედ ამ მიზნით აშენდება პირველი პარაცენტრი, ეროვნული პარაცენტრი საქართველოში. სპორტული ინფრასტრუქტურის არსებობა სპორტის განვითარებისთვის ერთ-ერთი უალტერნატივო წინაპირობაა. დღეს ჩვენ ქვეყნის მასშტაბით გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტული ინფრასტრუქტურა და მშენებლობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს”, - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, იგეგმება საერთაშორისო სტანდარტების სპორტული მოედნების, სტადიონების, სპორტის სასახლეების, კომპლექსების, საჩოგბურთო კორტების, სპორტული ბაზების, აკადემიებისა და ცენტრების, სპორტის უნივერსიტეტისა და მასობრივი სპორტული ობიექტების მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით.

“ზამთრის სპორტის მხარდაჭერის მიზნით, გაგრძელდება სათხილამურო ბაზებისა და საბაგირო გზების მოწყობა, მშენებლობა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლების ხელშეწყობა იმის წინაპირობაა, რომ გაიზრდება პროფესიულ და მასობრივ სპორტში ახალგაზრებისა და ბავშვების რაოდენობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სპორტის დაფინანსება ორნახევრჯერ გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება. მომავალშიც გაგრძელდება სპორტსმენების სასტიპენდიო პროგრამები. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ვეტერან სპორტსმენთა მხარდაჭერის მიზნით, სტიპენდიები დაენიშნებათ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ ჩემპიონების მსგავსად ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ ჩემპიონებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს. საქართველო ლიდერია რეგიონში სპორტული ტურიზმის მიმართულებით და მომავალშიც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება სპორტული ტურიზმის მხარდაჭერა და საქართველო უმასპინძლებს ბევრ, მაღალი რანგის საერთაშორისო ჩემპიონატს და ტურნირს. 2023 წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს ,,ფრისტაილსა” და ,,სნოუბორდში“. ხოლო 2022 წელს, განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს ,,ევრობასკეტს“ საქართველოში. ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არა მარტო ჩემს თანაგუნდელებს, არამედ ყველა ვეტერანს, ვინც ეს წარმატება მოიტანა და ზოგადად ყველა სპორტსმენს ვინც ჩვენი სამშობლოს წარმატებისთვის იბრძოლა. ძალიან დიდი მადლობა, ერთად საქართველოს წარმატებისთვის”, - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები