Accentnews.ge
აზერბაიჯანული მედია – ყარაბაღში ვაჰაგნ ჩახალიანი მოკლეს

აზერბაიჯანული მედია – ყარაბაღში ვაჰაგნ ჩახალიანი მოკლეს

25/10/2020 07:56:26 კავკასია, სამართალი

მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებებისას ვაჰაგნ ჩახალიანი მოკლეს, – იუწყება აზერბაიჯანული მედია.

მისივე ცნობით, "სომხების მიერ დაქირავებულ მებრძოლებს, მათ შორის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის "პრეზიდენტის" აირიკ არუთიანიანის მეგობრებს, რომლებიც აზერბაიჯანულმა არმიამ გაანადგურა, ძმათა საერთო სასაფლაოზე კრძალავენ".

ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს მოქალაქე ჩახალიანის გარდაცვალების შესახებ სომხურ მხარეს ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა ”ჯავახკის” ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი 2008 წელს დააპატიმრეს. მას 10-წლიანი პატიმრობა რამდენიმე მუხლით ჰქონდა მისჯილი. ჩახალიანს ბრალად ედებოდა მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობა, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენა და ხულიგნობა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იგი 2013 წლის 24 იანვარს ციხიდან ამნისტის საფუძველზე გათავისუფლდა.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S