შსს - ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია
25/10/2020 11:11:57 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და იგი იდენტიფიცირებულია.
უწყება მედიას და საზოგადოებას მოუწოდებს, "თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს".
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.
პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა და გამოსასყიდის სახით 500 000 დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათში მოლაპარაკებების შემდეგ იგი ბანკის შენობიდან სამ მძევალთან ერთად გავიდა და ტერიტორიიდან პოლიციის მანქანით წავიდა. სამართალდამცველმა ავთანდილ გალდავამ ერთ-ერთი მძევალი ჩაანაცვლა და თავდამსხმელს გაჰყვა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, ფული წაიღო და მიიმალა.


