ხელვაჩაურში, ოჯახში შეჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

26-10-2020 09:43:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ს., 1996 წელს დაბადებული გ.ნ. და 1995 წელს დაბადებული რ.პ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც უკანონოდ დაეუფლნენ სამკაულებს, მაჯის საათს, საფულეს და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღებს. ამავდროულად საცხოვრებლის პატრონს -1969 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს, სახის არეში დაზიანება მიაყენეს და ნაქურდალი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები