ერევანი და ბაქო ერთმანეთს ახალი საზავო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

26-10-2020 10:19:15 კავკასია

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმების ამოქმედებიდან მალევე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთმა ჰუმანიტარული ზავი დაარღვია და საარტილერიო იერიში მიიტანა ქალაქ ტერტერსა და ამ რაიონის სოფლებზე. ბაქო ირწმუნება, რომ თავად შეთანხმებას იცავს.

აზერბაიჯანის განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა. მან "ფეისბუქზე" დაწერა, რომ აზერბაიჯანის არმიამ საარტილერიო იერიში განახორციელა ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის არმია ირწმუნება, რომ საზავო შეთანხმებას იცავს.

25 ოქტომბერს, აშშ-მა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ადგილობრივი დროით 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდება ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება. მას წინ უძღოდა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოლაპარაკებები აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

გასული ორი კვირის განმავლობაში, კონფლიქტის მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ორჯერ შეთახმდნენ, მათ შორის რუსეთის შუამავლობით, თუმცა საზავო შეთანხმება არ შესრულდა.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები