ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებისთვის ოჯახის ექიმების მობილურის ნომრების მიწოდებას გეგმავს

26-10-2020 11:44:07 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ იგეგმება საჯარო ბაზების შექმნა და მოქალაქეს შეეძლება, საკუთარი პირადი ნომრით გადაამოწმოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბაზაში მითითებული იქნება ექიმის ტელეფონის ნომრებიც.

"ჩვენ ბაზებით შეგვიძლია დავაიდენტიფიციროთ, რომელი პაციენტი რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა. ჩვენი გეგმის ნაწილია, თითოეულ მოქალაქეს ჩვენ გავაცნოთ ოჯახის ექიმი და გავუზიარებთ მათ საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს", - აცხადებს მინისტრი.

პროტოკოლით, პაციენტები ინფიცირების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ოჯახის ექიმებს უნდა დაუკავშირდნენ. შემდეგ უკვე ოჯახის ექიმმა უნდა მისცეს პაციენტს მითითებები.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 603 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 30 303 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 215 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 11 370 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3769 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 832, კოვიდ–სასტუმროებში – 2 249, თვითიზოლაციაში – 27 736.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები