ახალქალაქის სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

26-10-2020 12:44:49 საზოგადოება

ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. 67 წლის ექიმს თბილისში კლინიკა "ჯერარსში" მკურნალობდნენ. ის ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილ 14 პაციენტს შორისაა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ექიმს კორონავირუსი 19 ოქტომბერს დაუდასტურდა და ის თბილისში, "ჯერარსში" გადაიყვანეს.

"მისი მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა, გარდა ამისა მას ჰქონდა თანმხლები დაავადებები, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნური დაავადება, მეტაბოლური დარღვევები და მსგავსი ჩივილები აწუხებდა", – აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ცნობისთვის: სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ეს გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. სამცხე–ჯავახეთიდან იყო საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა – 30 წლის ქალი. ოჯახი მედპერსონალის უყურადღებობაზე საუბრობს და არც გამორიცხავს, რომ გვარის ეგსჰუმაციის შემდეგ ექიმებს უჩივლოს.

20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ახალქალაქის სასწრაფო დახმარების 13 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ მიზეზით მუნიციპალიტეტში ნინოწმინდიდან და ასპინძიდან დამატებითი ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 603 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 30 303 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 215 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 11 370 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3769 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 832, კოვიდ–სასტუმროებში – 2 249, თვითიზოლაციაში – 27 736.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები