ტიხანოვსკაია ბელარუსის მოსახლეობას საყოველთაო პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

26-10-2020 13:05:38 მსოფლიო

ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელმაც ქვეყანა არჩევნების შემდეგ საკუთარი უსაფრთხოების გამო დატოვა, მოსახლეობას საყოველთაო პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, პროტესტი არ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს თანამდებობიდან არ გადადგება და სანამ, პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან.

გუშინ მინსკის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი კიდევ ერთხელ შეიკრიბა. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს. სამართალდამცავებმა 200-მდე აქტივისტი დააკავეს.

ყოველდღიური მასობრივი პროტესტი ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. იგი უკვე მეექვსე ვადით იყრიდა კენჭს. ყველაზე ხალხმრავალი აქციები, რომელზეც 100-დან 200 ათასამდე ადამიანი გადის, კვირაობით იმართება. მომიტინგეები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ. პროტესტის ჩახშობის მცდელობებს უკვე სულ მცირე, ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 6 დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ევროკავშირის ქვეყნები და აშშ არჩევნების შედეგებს არ სცნობენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები