
იანვარ-ივნისში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 9.7%-ით გაიზარდა
26/06/2019 12:47:47 ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 1-21 ივნისის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, იანვრიდან-ივნისამდე საქართველოში 1 962 425 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 9.7%-ით მეტია.
1-21 ივნისის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა, საერთაშორისო ვიზიტორების 24%-ით, ტურისტული ვიზიტების კი 20.2%-ით. ტურისტად ვიზიტორი იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ქვეყანაში ერთ ღამეს მაინც გაატარებს.
პირველიდან 21 ივნისამდე ჯამში 307,262 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
იანვარი-ივნისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 7.6%-ით გაიზარდა, საერთაშორისო ვიზიტორების კი 7.4%-ით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოგზაურს და ვიზიტორს ამგვარად განმარტავს:
"მოგზაური არის ნებისმიერი ასაკისპირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ის გამორიცხავს საქართველოს რეზიდენტ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და მოიცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყნის რეზიდენტები არიან.
ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით. საქართველოში ჩვეული გარემოს განსასაზღვრად შემდეგი მეთოდი გამოიყენება, ჩვეულგარემოში ითვლება ის ვიზიტები, რომლებიც თვეში 8-ჯერ ან 8-ზე მეტჯერ ხორციელდება".