შსს ზუგდიდში მძევლების ამყვანი სავარაუდო ბოროტმოქმედის ვინაობას ასაჯაროებს

26-10-2020 19:48:38 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ პირი, რომელიც 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, შემდეგ კი ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გაიტაცა, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ამ დროისთვის ის დაკავებული არაა.

„მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ–საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს აქტიურად განაგრძობს“,– განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე ცნობით, თავდამსხმელის იდენტიფიცირება თავდასხმის ღამესვე მოხდა და იმ მომენტიდან მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები.

რაც შეეხება გამოძიებას, მუხლი გადაკვალიფიცირდა. კერძოდ, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გამოძიება სსკ–ის 236–ე, 323, 329 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზანით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ესებუა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. დღეს ზუგდიდში რამდენიმე სპეც–ოპერაცია ჩატარდა, მათ შორის, საღამოს საათებში იმყოფებოდნენ ესებუას საცხოვრებელ სახლში, ნათესავების ბინასა და სამუშაო ადგილზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები