აფხაზეთი. ჭეშმარიტების მომენტი

26-10-2020 20:09:46 კონფლიქტები

შფოთიან, რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან დროს გვიწევს ცხოვრება – როცა გარდამტეხ მოვლენებამდე შესაძლოა, სულ ცოტა რჩებოდეს, როცა ყველაფერი თითქოს ისედაც ძალიან ცუდადაა, თუმცა ნიშნები იმისა, რომ საქმე კიდევ უფრო არ გაუარესდება, არ ჩანს – ალბათ უფრო პირიქით… “ეს რა ალარმისტული განწყობებია, საიდან მოგაქვთ?” - შეეძლოთ, ეკითხათ ჩვენს აფხაზ მკითხველებს სულ ორი-სამი თვის წინ. და სვამდნენ კიდეც მსგავს კითხვებს, ან ყოველგვარი კითხვების გარეშე ტრადიციულად მიაწერდნენ ამას “ქართულ პროპაგანდას”. მაგრამ სადღეისოდ უკვე ყველაფერი სხვაგვარადაა. მოსკოვმა კარტი გახსნა – და აფხაზური “სახელმწიფოებრიობის” დაკარგვის საფრთხე იმდენად ცხადი გახდა, რომ მასზე თავად სოხუმშიც ალაპარაკდნენ, თანაც ბოლო დღეებში – უკვე არა მარტო რიგითი ინტერნეტ-მომხმარებლები.

აფხაზურ საზოგადოებას შეეძლო, უკუთვლის წერტილად ჩაეთვალა ჯერ კიდევ ზაფხულში მოსკოვში გაჟღერებული, ხოლო შემდეგ “აღმასვლით” – საზოგადო მოღვაწეებიდან დეპუტატებამდე “დამძიმებული” იდეები რუსეთის მიერ აფხაზეთის მიერთების “აუცილებლობის” თაობაზე, მოგვიანებით (აღიარებიდან მე-12 წლისთავისთვის) - მოსკოვის მიერ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” (რომელიც მზადაა, რუსეთს დღესვე შეუერთდეს) “შემდგარ სუვერენულ სახელმწიფოდ” გამოცხადება, ხოლო აფხაზეთისა (რომელიც “დამოუკიდებლობის” დათმობას არ აპირებს) – “ქვეყნად, რომელიც არცთუ წარმატებულად გადის სახელმწიფოებრიობის გამოცდას”, ანდაც ასეთად ჩაეთვალა მოსკოვიდან (როგორც რამდენიმე დღის წინ გაირკვა, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში) გამოგზავნილი “საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების პროგრამა” “კანონმდებლობების ჰარმონიზაციის” 46-პუნქტიანი გეგმით, რომელიც ამჟამად აფხაზურ “პარლამენტში” დევს განსახილველად…

რა უნდა ჩათვლილიყო “უკუთვლის წერტილად” – ახლა დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. რეალურად ხომ კრემლის გეგმას ჯერ კიდევ 6 წლის წინ – 2014-ში ჩაეყარა იურიდიული საფუძველი ე.წ. დიდი ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებით. მას შემდეგ ყველაფერი იქით მიდიოდა, სადამდეც სადღეისოდ მივიდა. რჩებოდა მხოლოდ მცირედი – და ღია მოქმედებაზე გადასასვლელად რუსეთმა ხელსაყრელი მომენტი შეარჩია: ეხლა, როცა აფხაზეთი კორონავირუსთან ბრძოლაში ცდილობს გადარჩენას, კრემლისთვის ადვილია, თავისი პოლიტიკური გეგმა “ზედმეტი ხმაურისა და მტვრის გარეშე” განახორციელოს.

მაგრამ გინდაც “ხმაური და მტვერი” აფხაზური საზოგადოების უკვე გამოკვეთილი ნეგატიური განწყობის სახით რეალურ წინაღობად იქცეს, კრემლი მას, მაღალი ალბათობით, კვლავ “ქართული პროპაგანდის ზემოქმედებით” ახსნის, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ძალის გამოყენებით გადააქცევს “პოზიტიურად” (სხვათა შორის, მოსახლეობას საკმაოდ სერიოზულ კითხვებს უჩენს ბოლო თვეებში რუსეთის მიერ სამხედრო ძალის კიდევ უფრო მეტად გაზრდა "წვრთნების", "სამედიცინო დახმარების" და სხვა საბაბით: ესოდენ რთულ პერიოდში ხომ სტრატეგიული პარტნიორის დახმარება სამედიცინო, ფინანსურ (რომელიც არ ჩანს) ხასიათს უნდა ატარებდეს, მაგრამ არა სამხედროს)…

ჯერ-ჯერობით კი კრემლი “მცირედით” კმაყოფილდება: ფინანსური დახმარების შეწყვეტით; ფაქტობრივი სამედიცინო ბლოკადით იმ უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, რომელთან გამკლავებასაც სოხუმი (თბილისისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით) უკანასკნელი ძალებით ცდილობს; სერგეი ლავროვის მუქარით; ბოლო დღეებში დაწყებული "ნიადაგის მოსინჯვით" თავად აფხაზი მოღვაწეების გამოყენებით…

ასე, მაგალითად, ორიოდ დღის წინ, 46-პუნქტიანი რუსული დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის ფონზე “პრეზიდენტთან” მოქმედი “საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის” ხელმძღვანელმა ნათელა აკაბამ გააკეთა განაცხადი, არსობრივად, კრემლის იმ დაჟინებული “საპარტნიორო წინადადების” შესაძლო რეალიზების თაობაზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეთათვის უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვის გაუქმებას ეხება. ამის შესანიღბად შეირჩა ე.წ. ТОР-ების – “წინმსწრები განვითარების ტერიტორიების ჩამოყალიბებისა და აპარტამენტების მშენებლობის” იდეა, რაც, როგორც აკაბა ირწმუნება, “პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს სამუშაო ადგილების შექმნაზე და ეკონომიკური ზრდის აქტივიზაციაზე”. «ТОР-ები — ეს საერთაშორისო პრაქტიკაა, ეს არის განვითარება, სამუშაო ადგილები, განსაკუთრებით – დეპრესიულ რაიონებში», - აღნიშნა მან.

არსობრივად კი, საუბარია აფხაზეთში შეღავათიანი საგადასახადო პირობების, გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურებისა და სხვა პრივილეგიების მქონე ტერიტორიების ჩამოყალიბებაზე, სადაც რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა ამის ამკრძალავი იმ აფხაზური კანონის გვერდის ავლით გახდება შესაძლებელი, რომლის გაუქმებას აფხაზები მოსკოვის ზეწოლის პირობებში მთელი ბოლო წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ...

სწორედ ასე აღიქვა ეს ინიციატივა ბევრმა აფხაზმა ინტერნეტ-მომხმარებელმაც:

ნიადაგის მოსინჯვის პროცესში ჩაერთო ყოფილი “ვიცე-პრეზიდენტი” ვალერი არშბაც, თუმცა ის კიდევ უფრო შორს წავიდა და აფხაზეთს რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებისკენ მოუწოდა: "აგერ მეც, რომელმაც დიდ ვლადისლავთან 10 წელი ვიცე-პრეზიდენტად ვიმუშავე, ბოლო წლებია, მივდივარ დასკვნამდე, რომ ქვეყნისა და აფხაზი ერის შენარჩუნებისთვის ჩვენმა ელიტამ ხალხთან ერთად უნდა მიიღოს საბედისწერო გადაწყვეტილება და მოემზადოს სუვერენიტეტის დაუკარგავად რუსეთისა და ბელარუსის უკვე არსებულ საკავშირო სახელმწიფოში შესასვლელად".

ზემოთ მოყვანილი ყველა განცხადება და იდეა, ერთად აღებული, გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ რუსეთმა აფხაზეთის ანექსიის პროცესი ახალი ძალით წამოიწყო.

“მოსკოვში არ არსებობს იმის აღქმა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს განსხვავებული ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები აქვთ და საზოგადოების განსხვავებული მახასიათებლებიც. […] მძლავრ რუსულ ბიუროკრატიულ სისტემას საკუთარი ლოგიკა აქვს” – თვლის აფხაზი ისტორიკოსი და პოლიტოლოგი, “პრეზიდენტის” ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ასტამურ ტანია. ამასთან, მისი აზრით, აფხაზეთმა “ფაქტობრივად თავად ჩაიყენა თავი იმ ადამიანის მდგომარეობაში, რომელიც სხვა სახელმწიფოს გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე ცხოვრობს” და სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, აფხაზური მხარე ვერ მოახდენს პარტნიორის წინაშე იმის არგუმენტირებას, რომ “საკითხები ასე არ წყდება”.

მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გააჩნია სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების არანაირი სტრატეგია, – დარწმუნებულია ტანია. “ასეთი სტრატეგია რომ გვქონდეს, დღეს შეგვეძლებოდა, გვეთქვა რუსი პარტნიორებისთვის, რომ ეს მასში არ ეწერება, რომ ჩვენ აფხაზეთის განვითარებისა და რუსეთთან თანამშრომლობის სხვა პარამეტრები გვესახება. […] უნდა ავუხსნათ საკუთარ თავსაც და მათაც, რა გვსურს […]. ჩვენ ხომ გვსურს ინტეგრირება საერთაშორისო თანამეგობრობაში, საერთაშორისო ბაზარზე, ჩვენ ხომ ეს მიზანი გვაქვს? ჩვენ ხომ არ გვსურს, ვიარსებოთ რეზერვაციაში?” - ამბობს “პრეზიდენტის” ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და “ეკონომიკური და საზოგადოებრივი მოდელის დივერსიფიკაციის აუცილებლობის აბსოლუტურ გამოკვეთილობაზე” მიუთითებს.

ის, რომ 12-წლიანი “სტრატეგიული პარტნიორების” ხედვებში სხვაობა რეალურია, ისევე, როგორც კრემლის მიერ აფხაზეთის პოზიციის იგნორირება და საკუთარის ფაქტობრივად ძალით გატანა, უკვე ბევრ საკითხში და საკმარისად ნათლადაა გამოკვეთილი საიმისოდ, რომ აფხაზური საზოგადოება სერიოზულად დაფიქრდეს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კავშირების დივერსიფიცირებაზე. სოხუმში ეს უკვე ბევრს ესმის, თუმცა დრო სულ უფრო ცოტა რჩება.

არსობრივად, აფხაზეთისთვის დგება ჭეშმარიტების მომენტი, გადაუდებელი და შეუპოვარი, მაგრამ ამჯერად უშეცდომო მოქმედების დრო. სწორმა გადაწყვეტილებამ ის შესაძლოა, არა მარტო გადაარჩინოს, არამედ შექმნას კარგი საფუძველი აფხაზი ხალხის მომავლისთვის, ხოლო მცდარმა - დაღუპოს, და ამჯერად - უკვე სამუდამოდ.

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები