ვლადიმერ ბორცვაძე: „კონკრეტული მედიის წარმომადგენლებმა, ჩვენი მოწოდების მიუხედავად, უპასუხისმგებლოდ, მიზანმიმართულად და საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები გაავრცელეს“

26-10-2020 20:12:50 სამართალი

შს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება 21 ოქტომბერსვე მოხდა, ტარდებოდა სამძებრო ღონისძიებები, რაშიც სირთულეები წარმოიქმნა და გამოძიებამ პირველ ეტაპზე სავარაუდო ბოროტმოქმედის ფოტომასალის გავრცელება მიზანშეწონილად არ ჩათვალა. სავარაუდო ბოროტმოქმედად შსს–მ ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბადრი ესებუა დაასახელა, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დროისთვის დადგენილი არაა.

„ფოტოების საჯაროს გავრცელება იქნებოდა კიდევ ერთი მესიჯი მისთვის, რომ უფრო მეტად ლატენტური გამხდარიყო და მეტად გართულებულიყო მისი ძიება. შესაბამისად, ჩვენ მედიასაშუალებებს მოვუწოდეთ, არ გაევრცელებინათ ინფორმაცია, თუ მიიღებდნენ პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. ვვარაუდობდით, რომ შესაძლოა, მსგავსი ინფორმაცია მისულიყო მედიამდე. სამწუხაროდ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მოწოდებას ყურადღება არ მიაქცია და უპასუხსიმგებლოდ, მიზანმიმართულად, საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, გაავრცელეს თავდასხმაში მონაწილე, ტერორისტული აქტის ჩამდენი პირის მონაცემები, რაც ხელს უშლის როგორც გამოძიებას, ისე საპოლიციო ღონისძიებას“,– განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა ლოკაციებზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ემსახურება, როგორც იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენას, ისე მტკიცებულებების მოპოვებას და თუ გამოძიება ჩათვლის საჭიროთ, რომელიმე კერძო საკუთრებაში შესვლად აუცილებლად, შესაბამისად მოიქცევა.

მან უპასუხა კითხვას ერთ–ერთ მძევალ დავით ხვიბლიანთან დაკავშირებით, რომელსაც მედიის ნაწილი თავდამსხმელის მოკავშირედ ასახელებს.

„დავით ხვიბლიანთან არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და კვლავ ჩატარდება“,– აღნიშნა ბორცვაძემ.

მისივე თქმით, თუ შეგროვდება მტკიცებულებები თანამონაწილეობასთან დაკავშირებით, გამოძიება საკითხზე იმსჯელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები