შსს: „ხვიბლიანთან არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და კვლავ ჩატარდება“
26/10/2020 16:53:05 სამართალი
„დავით ხვიბლიანთან არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და კვლავ ჩატარდება“,– ასე უპასუხა შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ერთ–ერთ მძევალთან, მოქმედ სამხედრო მოსამსახურესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ხვიბლიანის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „მთავარი არხის“ გენდირექტორმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ის ბოროტმოქმედის თანამზრახველად და „ცრუ მძევლად“ დაასახელა.
თავად ხვიბლიანმა კრიმინალურ აქტთან კავშირი კატეგორიულად უარყო. რამდენიმე დღის წინ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან არ გამორიცხა, რომ ბოროტმოქმედს შეიარაღებულ ძალებთან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონოდა და არც ის, რომ პირადად მას იცნობდა. მოგვიანებით, როდესაც გვარამიამ ბადრი ესებუა სავარაუდო თავდამსხმელად დაასახელა, მან ესებუასთან ნაცნობობა კატეგორიულად უარყო. გვარამიამ განაცხადა ისიც, რომ ხვიბლიანს სენაკის სამხედრო ბაზაზე აწამებდნენ, მედიის აქტიურობის შესაბამისად კი ის პერიოდულად კომენტარის გასაკეთებლად გამოჰყავდათ.
„თუ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ კონკრეტული პირი დანაშაულებრივ ალიანსში იმყოფებოდა თავდამსხმელთან, შევკრავთ მტკიცებულებების სტანდარტს, რომ იგი თანამონაწილე იყო, უშუალო აღმსრულებელი იყო, ეხმარებოდა დანაშაულის ჩადენაში, რა თქმა უნდა, ამ ადამიანთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ“,– განაცხადა ბორცვაძემ 26 ოქტომბრის ბრიფინგზე.
შეგახსენებ, რომ შსს–მ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელად ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუა დაასახელა. მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის დაუდგენელია.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა, ათეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა და ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა. ამ დროისთვის თავდამსხმელი მიმალულია, ნახევარი მილიონი კი გატაცებული. თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
დღეს სამეგრელოში რამდენიმე საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა. დღის პირველ ნახევარში ესებუას ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ესებუამ სახლი 21 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში დატოვა, ოჯახი დაარწმუნა, რომ თბილისში სამკურნალოდ მიდიოდა, მას შემდეგ კი კონტაქტზე არ გასულა.


