რა ვიცით „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ

26-10-2020 21:29:40 სამართალი

ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელად „მთავარი არხის“ გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით 25 ოქტომბერს დაასახელა. მან განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციას ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ფლობდა, თუმცა ითვალისწინებდა რა შსს–ს მოწოდებას, არ ასაჯაროებდა. გვარამიას განმარტებით, გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ შსს სხვა პირების დაკავებას გეგმავდა, ვინაიდან, არ უნდოდათ თქმა, რომ "ტერორისტულ აქტში მოქმედი სამხედროები მონაწილეობდნენ". 25 ოქტომბერს შსს–ში განაცხადეს, რომ ბანკზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, ხოლო 26 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დაადასტურა, რომ ის 1988 წელს დავადებული ბადრი ესებუაა.

ესებუა ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა ბოლოს 21 ოქტომბერს, სოფელ გრიგოლიში დაახლოებით, 11:30 საათზე ნახეს. მან ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ თბილისში სამკურნალოდ მიდიოდა და მას შემდეგ კონტაქტზე არ გასულა, ტელეფონი კი გამორთული ჰქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ ბანკში შეჭრა დაახლოებით, 14:21 საათზე მოხდა, ამას კი წინ უძღოდა თავდამსხმელის მიერ ზუგდიდის მიმდებარედ, ერთ–ერთ სოფელში გამვლელი ავტომანქანის გაჩერება. აღნიშული კოლაციიდან ზუგდიდამდე ნახევარი საათის სავალია.

ესებუას თანასოფლელების ცნობით, ესებუა წარსულში შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, არის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე და სამსახური საკუთარი სურვილით დაახლოებით, ერთი წლის წინ დატოვა.

მათივე ინფორმაციით, ესებუას ჰქონდა საბანკო ვალდებულებები, დაახლოებით, 20 000 ლარის ფარგლებში და ვინაიდან ხელფასი აღნიშნული ვალდებულების შესრულებას ხმარდებოდა, ჯარში დარჩენის აზრი ვერ დაინახა და სამსახური მიატოვა. ბოლო პერიოდში ის უმუშევარი იყო და გრიგოლიში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

ის, რომ ბოროტმოქმედს შესაძლოა, შეიარაღებულ ძალებთან შემხებლობა ჰქონოდა, ვარაუდობდა ყოფილი მძევალი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი. არგუმენტად მან ბოროტმოქმედის ქცევა, საუბრის მანერა მოიყვანა. ამასთან, მან არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა, ბოროტმოქმედი სისტემაზე ყოფილიყო განაწყენებული.

„შენი სამსახური სამსახური გგონიაო?“,– იხსენებდა ხვიბლიანი ბოროტმოქმედის მიერ მისთვის ნათქვამ ფრაზას.

ანალოგიურ კომუნიკაციას ადასტურებს კიდევ ერთი ყოფილი მძევალი ირაკლი კვარაცხელია:

„ხვიბლიანმა თქვა, ახლახანს დავბრუნდი ავღანეთიდან ცოცხალი და სად ვკვდებიო“, თავდამსხმელი ჩაეკითხა, ჯარისკაცი იყო თუ არა. ხვიბლიანმა დაუდასტურა და ამაზე უთხრა, „შენ გგონია რამე სამსახური გაქვსო?“.

26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ძალოვანმა უწყებამ შს სამინისტროს თანამშრომლებს ესებუას ფოტოები დაუგზავნა, მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის ბანკზე თავდამსხმელია, რომ შემჩნევისთანავე უწყებას დაუკავშირდნენ და მას არ მიუახლოვდნენ.

26 ოქტომბერსვე მედიამ რამდენიმე ლოკაციაზე საპოლიციო ღონისძიებების მიმდინარეობა შეამჩნია, მათ შორის ესებუას სახლში – გრიგოლიში, ნათესავის ბინაზე და ბიძის სამუშაო ადგილზე.

ამასთან, ამ დროისთვის ოფიციალური წყაროებით ცნობილია, რომ თავდამსხმელის იდენტიფიცირება 21 ოქტომბერს მოხდა და ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. თუ საპოლიცო ღონისძიებების აქტივობით ვიმსჯელებთ, გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ სავარაუდო თავდამსხმელი ჯერ კიდევ სამეგრელოს რეგიონში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა, ათეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა და ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა. ამ დროისთვის ნახევარი მილიონი გატაცებულია. თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები