
საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად პლენარულ სხდომას არ დაესწრება
26/06/2019 13:29:31 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად პლენარულ სხდომას არ დაესწრება, რომელზეც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილება. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი თხოვნით კოლეგებს თავად მელიამ მიმართა.
შეგახსენებთ, რომ საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დააკმაყოფილეს გენერალური პროკურორის მიმართვა, რომელიც საკანონნმდებლო ორგანოს დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და მისთვის პატიმრობის გამოყენების ნებართვას სთხოვდა.
კომიტეტების სხდომა დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც მხარდაჭერისთვის საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობა. თუ დეპუტატები პროკურატურის მოთხოვნას მხარს დაუჭერენ, სავარაუდოდ, ნიკა მელიას იმავე დღეს დააკავებენ.
ცნობისთვის: გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.