ლავროვი თვითიზოლაციაშია

27-10-2020 19:29:21 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოვიდ-ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა, - იუწყება რუსული მედია.

მინისტრმა ყველა დაგეგმილი შეხვედრა და მოლაპარაკება სამომავლოდ გადადო.

კორონავირუსის მეორე ტალღა რუსეთში სექტემბერში დაიწყო. თვის განმავლობაში ახალი პაციენტების დღიური რაოდენობა 5-დან 10 ათასამდე გაიზარდა, ოქტომბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში ზრდა განაგრძო და ახლა უკვე 17 ათასს ასცდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსს 26 269 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 531 224 შემთხვევა.

ეპიდვითარების გაუარესების გამო რუსეთი შეზღუდვებს ამკაცრებს. კერძოდ, 28 ოქტომბრიდან ქვეყანაში შემდეგი ახალი შეზღუდვები ამოქმედდება:

  • ბარების, რესტორნებისა და სხვა გასართობი ობიექტების მუშაობა ღამის 11სთ–დამ დილის 6სთ–მდე აკრძალულია
  • ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის ტრანსპორტში, ავტობუსის გაჩერებებზე​ და ლიფტებში პირბადეების ტარება სავალდებულოა;

14 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებს მეორე რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განუცხადა.

მისი მტკიცებით, ვაქცინა სახელწოდებით “ეპივაქკორონა” ნოვოსიბირსკის ცენტრმა “ვექტორმა” დაარეგისტრირა.

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში ელიან მესამე ვაქცინის დარეგისტრირებასაც – ამჯერად მეცნიერებათა აკადემიის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შემუშავებისა და კვლევის ცენტრის ავტორობით.

პირველი რუსული ვაქცინის შექმნის შესახებ ქვეყანას ასევე პრეზიდენტმა პუტინმა აცნობა. თუმცა არც ერთი სერიოზული მეცნიერი მსოფლიოში მას არ ენდობა. მკვლევარები მიუთითებენ სერიოზულ კითხვებზე ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსი გამომგონებლების მიერ ვაქცინის გამოცდის III – გადამწყვეტი მნიშვნელობის მესამე ფაზის სრულად გამოტოვება და გამოსაცდელთა მერისმეტად მცირე რაოდენობაა.

იხილეთ ასევე: კითხვები რუსული ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 164 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 777 000–ზე მეტი ადამიანი, 32 183 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები