ცსკ-ის შენობასთან აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
27/10/2020 20:14:14 სამართალი
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან აქციაზე დაკავებული სამი პირი შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ცსკ–ის შენობასთან "ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ცსკ–ის შენობაში კარვის გაშლა სცადეს, ამის საშუალება კი მათ პოლიციამ არ მისცა.
პოლიციამ სამი პირი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.
ახალგაზრდა "ლეიბორისტები" ცსკ–ის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ და იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვით, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს 14:00 საათზე ამოიწურა.


