
მოძრაობა “1ADAT”: ბოლო ნახევარი წლის განმალობაში ჩეჩნეთში 1500-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს
28/10/2020 14:40:12 კავკასია
ჩეჩნური ოპოზიციური ტელეგრამ-არხის – “1ADAT”-ის მონაცემებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში რესპუბლიკაში კადიროვის რეჟიმის ძალოვანების მიერ გატაცებული მოქალაქეების რაოდენობა 1,5 ათასს გასცდა.
ასე, მაგალითად, ოქტომბერში გაიტაცეს 72 მოქალაქე, მათ შორის – პოლიციის თანამშრომელი, მოსამართლე, გროზნოს 12 ოქტომბრის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული მებრძოლებისა და ბლოგერ საიდ-ჰუსეინ მაგომადოვის ნათესავები.
ბლოგერები ოქტომბერში მოკლულ სამ მოქალაქესაც ასახელებენ. ახმედ დენიევი და რუსლან დადაევი ავარიას ემსხვერპლნენ, რომელშიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის ნათესავი იყო დამნაშავე. მესამე მსხვერპლად სკოლის მოსწავლე ალი ბერდუკაევი სახელდება, რომელიც 27 ოქტომბერს აჩხოი-მარტანის რაიონში რუს ძალოვანებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა.
სექტემბერში გატაცებების მსხვერპლად 53 მოქალაქი იქცა, ტელეგრამ-არხ “1ADAT”-ის ყოფილ მოდერატორ სალმან ტაპსურკაევის ჩათვლით, ამ რაოდენობაში შედიან ასევე იჩქერიის დევნილი ხელისუფლების მთავრობის თავმჯდომარის – ახმედ ზაკაევის, ავსტრიიდან ხელისუფლების მაკრიტიკებლის – მურადის ახლობლები, ასევე მოკლულ ბლოგერ მამიხან უმაროვის (ვენელი ანზორის) ნათესავები.
აგვისტოში გატაცებულთა რაოდენობამ 144 შეადგინა; ივლისში - 35, ივნისში - 30, მაისში - 537, აპრილში - 640. გაზაფხულის თვეების მაღალ მაჩვენებლებს აქტივისტები იმით ხსნიან, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მოქმედებდა თვითიზოლაციის რეჟიმი და ძალოვანები აკავებდნენ ყველას, ვინც, მათი ხედვით, ამ რეჟიმს არღვევდა.
ტელეგრამ-არხ “1ADAT”-ის განმარტებით, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისას ისინი ეყრდნობიან გატაცებულთა ნათესავებისა და ახლობლების ინფორმაციას, რომელიც გადამოწმებულია ამ არხთან საიდუმლოდ მოთანამშრომლე ძალოვანებთან.
"ხანდახან პოლიციის თანამშრომლები გვეუბნებიან, რომ მათ უბნებში არაოფიციალურად ადამიანთა გარკვეული რაოდენობა მიიყვანეს, თუმცა ისინი მათ მონაცემებს ვერ არკვევენ, რადგან ეს მათთვის “საშიშია”. ჩვენ ადამიანთა მითითებული რაოდენობა ჩვენს სიაში შეგვყავს. მაგალითად, ათი ახალგაზრდა კაცი გუშინ დაბა ასინოვსკაიადან იქნა გატაცებული. ჩვენ ისინი სტატისტიკაში ჩავამატეთ, მაგრამ მათ მონაცემებს ვერ ვადგენთ, რაგან ოჯახის წევრები დუმან, პოლიციის განყოფილებებში კი ინფორმაციას მხოლოდ მორიგეები ფლობენ და ისინიც ხმას ვერ იღებენ", - განაცხადა არხის წარმომადგენელმა.
სექტემბერში ჩეჩნეთში ჩატარებული წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, რომელიც პაციენტი ქალის გარდაცვალებით დასრულდა, გაიტაცეს და სიკვდილამდე ცემეს ქირურგი სალაჰ დაგაევი. მისი გარდაცვლილი პაციენტი ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთი წევრის ნათესავი აღმოჩნდა.უფლებადამცველმა ცენტრმა “მემორიალმა” გაავრცელა განცხადება ძალოვანების მიერ ჩეჩნურ სოფელ ჩეჩენ-აულის 7 მკვიდრის გატაცების თაობაზე. აგვისტოში ისინი გროზნოს საიდუმლო ციხეში გადაიყვანეს და აწამეს. უფლებადამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ოთხი მათგანი მოგვიანებით გაუშვეს, სამი კი ამ დრომდე ციხეში რჩება.სამი შვილის მამა მოვსარ უმაროვი ივლისში სამუშაო ადგილიდან – გროზნოს ცენტრში მდებარე რესტორნიდან გაიტაცეს. ნათესავებმა მას მეორე დღეს ლენინის რაიონის შს განყოფილებაში მიაკვლიეს. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ იგი ძალოვანების ყურადღების ველში იმის გამო მოექცა, რომ “ტუმსოს უსმენდა” (იგულისხმება ოპოზიციონერი ბლოგერის – ჩეჩნეთიდან გაქცეული ტუმსო აბდურახმანოვის YouTube-ბლოგები). ცოცხალია თუ არა მოვსარ უმაროვი, ახლობლებმა სადღეისოდ არ იციან.