
ალიევი მზადაა, ფაშინიანს მოსკოვში ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეხვდეს
28/10/2020 15:04:38 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მზადყოფნა გამოთქვა, სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს მოსკოვში ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეხვდეს, თუმცა ეჭვი ეპარება “სომხეთის ხელისუფლების უნარში, კონსტრუქციულად იმუშავოს ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად”.
«მსგავსი მიწვევა [მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის – რედ.] არ მიმიღია. წარსულში არაერთგზის ვმონაწილეობდი სამმხრივ – აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრებში და მათ პოზიტიურად მივიჩნევდი, რადგან როსეთი, როგორც მისნკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, დარეგულირებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. იგი ყოველთვის მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა სომხეთთანაც, აზერბაიჯანთანაც, დღესაც როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკიური ურთიერთქმედების კუთხით ორივესთან ძალზე აქტიურად თანამშრომლობს. რუსეთი ჩვენი მეზობელია, ამიტომაც, ბუნებრივია, ყველაზე მეტი მსგავსი შეხვედრა მის ტერიტორიაზე იყო ჩატარებული. თუმცა ფაშინიანის დროს მსგავსი შეხვედრები აღარ ყოფილა. არ ვიცი, რამდენად ეფექტური იქნება ეს შეხვედრები ახლა, თუმცა თუ ამგვარი წინადადებით მოგვმართავენ, ჩვენ მას კვლავ პოზიტიურად მოვეკიდებით – ახლაც და მომავალშიც, თანაც წინაპირობების გარეშე. ამის დასტურია ისიც, რომ ხვალ ჟენევაში უნდა გაიმართოს ჩვენი ორი ქვეყნის – აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა», – აღნიშნა, “ინტერფაქსის” ცნობით, ალიევმა.
მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა. რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ორივე მხარე მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ იუწყება და ერთმანეთს დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს.