
ბელარუსში რუსეთის შესაძლო შეჭრა და მისი სავარაუდო შედეგები
29/10/2020 08:24:08 ანალიზი
რამდენად შორს წავა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბელარუსის რუსულ ორბიტაზე შესანარჩუნებლად? რომელი გარდამტეხი მოვლენის გამო შეიძლება, მოსკოვი მინსკის შიდა საქმეებში კიდევ უფრო მეტად ჩაერიოს? – ამ საკითხებზე დასავლელი სტრატეგები არაერთ განხილვას აწარმოებენ.
მას შემდეგ, რაც კრემლმა დაინახა, რამდენად სწრაფად დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმურობის საკითხი, იგი ამოქმედდა. სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პრემიერ–მინისტრი მიხეილ მიშუსტინი ბელარუსს ეწვია და ლუკაშენკოს შეხვდა, რაც აშკარად გამოხატავდა მის მიმართ რუსეთის მხარდაჭერას. მოგვიანებით, 14 სექტემბერს ლუკაშენკო და პუტინი ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ და გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, რუსეთი ბელარუსს 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს.
თავის მხრივ, ევროკავშირმა ახლახანს დაუწესა ეკონომიკური სანქციები ბელარუსის ოფიციალურ პირებს, მათ შორის - თავად ლუკაშენკოს. კრემლის სტანდარტების შესაბამისი პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტები რუსული სახელმწიფო ტელეკომპანია "Russia Today"–ის კორესპონდენტებით ჩაანაცვლეს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ [9 აგვისტოდან] დაწყებული აქციები დღემდე გრძელდება. ვითარება ადგილზე კვლავ დაძაბულია და ადვილი წარმოსადგენია, რა გზით შეუძლია რუსეთს პროცესებში ჩარევა. მაგალითად, პუტინმა უკვე აიღო "არეულობის ჩახშობის მიზნით სამშვიდობო ძალებით უზრუნველყოფის" ვალდებულება, თუ ბელარუსის საპროტესტო აქციები ძალადობრივი გახდება.
თუმცა მოვლენების განვითარების შესაბამისად, პუტინმა შეიძლება, ლუკაშენკოს მიმართ მოთმინება დაკარგოს და მისი შეცვლა სცადოს. ამ შემთხვევაში ლუკაშენკოს კრემლის მიერ მოწონებული მემკვიდრის დანიშნვა მოუწევს. თუმცა ამგვარი ნაბიჯი სტაბილურობას არ მოიტანს. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება, გამოიწვიოს ერთგვარი რბილი ანექსია, რის შედეგადაც ორი ქვეყანა "საკავშირო სახელმწიფოში" გაერთიანდება და ბევრი ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ რუსეთის საბოლოო მიზანი სწორედ ეს არის.
თუმცა ჯერ–ჯერობით ბელარუსში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაბალ ალბათობად რჩება - პირველ რიგში, იმის გამო, რომ ეს კრემლს ძვირი დაუჯდება. ყირიმსა და დონბასში ასეთმა ნაბიჯმა რუსეთს თავის ტკივილზე უარესი დამართა – მან ასობით მილიონი რუბლი გაფლანგა დონბასში, კონფლიქტის შედეგად ათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ყირიმის მიერთებამაც ისე არ ჩაიარა, როგორც გეგმავდნენ - აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ეს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ელოდნენ. თუ კიდევ უფრო შორს წავალთ, რუსეთის ჩარევები სირიასა და ლიბიაში ასევე ძვირი იმედგაცრუებაა მოსკოვისთვის.
გარდა ამისა, უკრაინაში რუსეთის ნაბიჯებმა აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციები გამოიწვია. ამ სანქციებმა უკვე დააზიანა რუსეთის ეკონომიკა და ახლა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ფინანსური ზემოქმედების პირობებში კრემლი დასავლეთის კიდევ ერთ ანგარიშსწორებას ვეღარ გაუმკლავდება.
თუმცა უპასუხისმგებლობა იქნება, ვთქვათ, რომ ნაკლებ სავარაუდო მოვლენები სრულიად გამორიცხულია. ბოლოს და ბოლოს, ცოტამ თუ იწინასწარმეტყველა თავის დროზე რუსეთის შეჭრა საქართველოში 2008 წელს ან უკრაინაში 2014-ში. მსგავსი რისკების სერიოზულად აღქმა აუცილებელია, უსაფრთხოების კუთხით შესაძლო შედეგების გათვალისწინებით. რუსეთის მიერ ბელარუსის შესაძლო ოკუპაცია გამოიწვევს, მათ შორის, რუსული ჯარის განლაგებას ბელარუს-უკრაინის საზღვართან, რაც სავარაუდოდ, შექმნის ახალ რეალობას რუსეთ-უკრაინის ჯერ კიდევ ცხელ ომში. ამასთან, ბელარუსში სამხედრო შეჭრა რუსული ჯარების უშუალოდ ნატო–ს ზღურბლზე განლაგებასა და ალიანსთან დაძაბულობის მაქსიმალურ ზრდას ნიშნავს. ეს მოვლენები, ერთად აღებული, შექმნის არასტაბილურობის ისეთ დონეს, რომელიც ევროპაში მე -20 საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ არ უნახავთ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპელებს არ სურთ, იხილონ საქართველოს და უკრაინის მოვლენების განმეორება ბელარუსში. ჩნდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლელ ლიდერებს საგანგებო სიტუაციის შემთხვევისთვის სამოქმედო გეგმა არ გააჩნიათ. მხოლოდ იმის თქმა, "სურვილი მაქვს, რამე არ მოხდესო", სტრატეგია არ არის.