„ჟურნალისტებს უსმენენ!“ – ჟურნალისტები კობახიძეს აღიარებისთვის მადლობას უხდიან

29-10-2020 14:35:03 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა 29 ოქტომბრის ბრიფინგი კვლავ ოპოზიციასა და რევოლუციურ გეგმებზე საუბარს მიუძღვნა, თუმცა ამჯერად მისი სამიზნე ჟურნალისტებიც გახდნენ. კერძოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება და ერთ–ერთ არგუმენტად კონკრეტული ჟურნალისტისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სატელეფონო საუბრის შინაარსი ციტატებით მოიყვანა.

„დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის პარტიული ტელებიზიები: „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. მაგალითად, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და „ნაცმოძარობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც, მხარდაჭერის მიზნით, გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“. რაზეც მიიღო ინფორმაცია, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთი“,– განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, საიდან ფლობს კობახიძე ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის საუბრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ინფორმაციამ ენმ–დან გამოჟონა.

კობახიძემ უპასუხეს „ტვ პირველში“. არხის მთავარი პროდიუსერის ნოდარ მელაძის შეფასებით, კობახიძის განცხადება ფაქტობრივი აღიარებაა, რომ ჟურნალისტებს უსმენენ.

მან საგამოძიებო უწყებას ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოში მიმდინარეობს ჟურნალისტების ფარული მიყურადება და თვალთვალი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. კობახიძის ეს განცხადება, თუ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მყისიერი გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს. ის, რომ გვისმენდნენ და გვითვალთვალებდნენ, ჩვენთვის უცხო არ იყო, თუმცა დღეს უკვე აღიარებითი ჩვენება გვაქვს პარლამენტის გადაყენებული თავმდჯომარის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დამკვირვებლების მხრიდან ეს ფაქტი რეაგირების საფუძველი გახდება და მოხვდება ყველა საერთაშორისო დასკვნაში, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხება“,– განაცხადა მელაძემ.

თავად თავდასხმის ობიექტმა – ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ კი კობახიძეს აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მის მიმართ თვალთვალისა და მიყურადების წარმოების შესახებ ინფორმაცია სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ამის აღიარება პირველად მოხდა.

ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ჩანაწერი, „საიდანაც კობახიძემ აზრი ვერც გამოიტანა“ „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ქათამაძესთან სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა, ისაუბრეს შექმნილ ვითარებაზე და დაინტერესდა, სად იყო დაძაბული ვითარება. პოლიტიკოსმა კი ჟურნალისტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაძაბული ვითარება ნასაკირალსა და ჭანიეთში იყო.

„არსად არ თქმულა, რომ სადმე არეულობას გეგმავდა ვინმე. აქ იყო საუბარი, თუ სად იქნება დაძაბული ვითარება. მაქვს ჩანაწერები და შემიძლია, გამოვაქვეყნო.

საუბარში ქათამაძე ყვება, რომ წინა დღით მათ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მივიდნენ და იქ დაძაბულობა იყო – ეს რატომღაც გამოტოვა კობახიძემ“,– განაცხადა ჟურნალისტმა.

ის ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას კრიტიკული ჟურნალისტების აქტიურობა აღიზიანებს, რომლებიც დარღვევებს ასაჯაროებენ.

„მე ჟურნალისტი ვარ და ყველას ვურეკავ, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. თუ ბატონი ირაკლი ასეა დაინტერესებული და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, გამოაქვეყნოს სხვა საუბრებიც, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვაძლევ ამის უფლებას და კარგად გაიგებენ, რას ამბობენ მისივე თანაგუნდელები მასზე და ზოგადად, „ქართულ ოცნებაზე“. სწორედ ამიტომაცაა ალბათ ასე შეშინებული“,– განაცხადა ჟურნალისტმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები