
სოხუმიდან უზბეკეთში 299 მოქალაქე დააბრუნეს
29/10/2020 12:10:50 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთიდან უზბეკეთში მოქალაქეების მეორე ჯგუფი დაბრუნდა, ამჯერად – 299 კაცის შემადგენლობით. ისინი ჯერ სოჭში გაამგზავრეს, ხოლო იქიდან სამშობლოში «Uzbekistan Airways»-ის რეისით გადააფრინეს, - იუწყება უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მანამდე, 9 ოქტომბერს ოკუპირებული რეგიონიდან უზბეკეთში რკინიგზით მოქალაქეთა პირველი ჯგუფი დააბრუნეს - ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის წარმომადგენლები (ორსულები, ხანდაზმულები, ბავშვები).
«რუსულ მხარესთან წარმოებს მოლაპარაკებები აფხაზეთში დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების რუსეთის ტერიტორიის გავლით სამშობლოში რეპატრიაციის ორგანიზებისთვის. ამასთან დაკავშირებით სოჭიდან უახლოეს ხანებში მორიგი ჩარტერული რეისების განხორციელებაა მოსალოდნელი», – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის: აფხაზეთს, სადაც კორონავირუსის პანდემიის ფონზე ურთულესი ეპიდვითარებაა შექმნილი, უზბეკეთის 400-მდე მოქალაქე ვერ ტოვებდა იმის გამო, რომ ფსოუზე დე ფაქტო საზღვარი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისა და აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის მქონე პირებისთვისაა გახსნილი.