
ასლან ბჟანიას სოხუმის აეროპორტის 2023 წლიდან ამოქმედების იმედი აქვს
29/10/2020 13:16:12 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია იმედოვნებს, რომ სოხუმის აეროპორტი “2-3 წლიწადში, 2023 წლიდან” ამოქმედდება. ამის შესახეს მან “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის რეალიზებას შევძლებთ და როგორც საბჭოთა დროს, თვითმფრინავები მოსკოვსა და სოხუმს შორის რეგულარულად შეძლებენ ფრენას. ამის რეალიზება შესაძლებელია და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს რამდენიმე წელიწადს დაიკავებს, 2-3 წელს. ვისურვებდით და წარმატებად ჩავთვლიდით, თუ აეროპორტი 2023 წლიდან ამოქმედდებოდა", - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რომლის მტკიცებით, ამ ძველი პროექტის რეალიზების დაწყებას “კორონავირუსულმა პანდემიამ შეუშალა ხელი”.
ცნობისთვის: 2019 წლის 26 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტს ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსი მიანიჭა, რომელიც სამოქალაქო და სახელმწიფო (სამხედრო, სასაზღვრო, საბაჟო და სხვა) ავიაციის ერთობლივი ბაზირების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
თავის დროზე რუსი ინვესტორები აცხადებდნენ, რომ პროექტს, რომელიც აეროპორტის ინფრასტრიქტურის ნულიდან აღდგენას მოიცავდა, ორ წელიწადში განახორციელებდნენ, თუმცა შემდეგ პროექტზე უარი თქვეს, რის შესახებაც არაოფიციალური ინფორმაცია მედიაში არაერთხელ გავრცელდა.
28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აფხაზეთის ტურიზმის დე ფაქტო მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამაც დაადასტურა, რომ “სოხუმში აეროპორტის ამოქმედება აუცილებელია, თუმცა ამის განხორციელება რთული იქნება – უპირველესად, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ასოციაციის პოზიციის გამო”: “ასოციაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს კუთვნილებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც პერსპექტივაში სოხუმის აეროპორტის გავლით იფრენს, დაყადაღდება იმის გამო, რომ ფრენა განახორციელა “ოკუპირებული ტერიტორიისკენ”.
ამის გათვალისწინებით, როგორც ხიშბამ აღნიშნა, უახლოეს ხანებში “ამ მიმართულებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ”.