სააკაშვილი – ივანიშვილს: "გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება, შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება ძალიან სწრაფად"

29-10-2020 19:50:01 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მმართველი მიხეილ სააკაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, "ხელი არ წაუცდეს არჩევნების შედეგების გაყალბებაზე".

"საქართველო არის ორი დღის მანძილზე დიდი გარღვევისგან, დიდი ეროვნული ტალღა არის აწეული. ძალიან დიდი ენერგიაა დაგროვენული და ეს ენერგია ყველა ბარიერს წალეკავს, ყველა გაყალბებას გაანგრევს და მე მინდა, ვუთხრა ივანიშვილს: გადმოიხედე ზემოდან და კარგად შეხედე ამ ხალხს. არ წაგიცდეს ხელი გაყალბებაზე. გაყალბებაზე პასუხი იქნება ძალიან მკაცრი. გაყალბებაზე პასუხი არ იქნება უკან დახევა და დაჩმორება. გაყალბებაზე პასუხი იქნება, ღირსება, შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება ძალიან სწრაფად და პასუხი გაგეცემა პირადად ძალიან მკაცრად", – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მას არ აინტერესებს თანამდებობა და მისი მიზანია "საქართველო ძალიან სწრაფად წავიდეს წინ".

ამასთან, სააკაშვილმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ოპოზიციასთან გაერრთიანებისკენ მოუწოდა:

"ივანიშვილი გვყოფდა ჩვენ გავერთიანდეთ. მინდა, ვუთხრა "ოცნების" მხარდამჭერებს, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელები. დღეს და გუშინ ჩვენ ვართ და ვიყავით მოწინააღმდეგეები, ხვალ ერთი ქვეყნის შვილები ვართ".

მესამე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს 31 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნებზე და საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი:

"წავიდეთ არჩევნებზე, გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი და მისი გუნდი და გავაგრძელოთ განვითარება... ჩვენი ქვეყანა იმსახურებს საუკეთესო მომავალს. წმინდა გიორგი, რომელიც მე მიმაგრებს ზურგს, წმინდა გიორგი, რომელიც დაგვყურებს ზემოდან. თქვენ, ერთის მხრივ, დაგყურებთ შეშინებული, დამფრთხალი ოლიგარქი, ივანიშვილი, მეორეს მხრივ, წმინდა გიორგი. ჩვენი გზა აღარ არის ივანიშვილის გზა, ჩვენი გზა არის წმინდა გიორგის, თავისუფლების, საქართველოს გზა".

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მისულ მოსახლეობას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები სიტყვით მიმართავენ. სააკაშვილმა მხარდამჭერებს ვიდეო–ზარის საშუალებით მიმართა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები