გორთან მომხდარი ავარიის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა
30/10/2020 06:04:59 სამართალი
გვიან ღამით, გორთან ახლოს, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა.
პაციენტი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკა ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წუხელ საავადმყოფოში 11 პირი შეიყვანეს.
„2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.


