
აშშ-ის საელჩო: „ძალაუფლების გადამეტების ინციდენტების გამოძიება მნიშვნელოვანია, თუმცა მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად“
26/06/2019 16:28:09 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის საელჩო 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ.
„აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისა და ძალაუფლების გადამეტების ინციდენტების გამოძიება, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის: პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა.
გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.