
პრემიერი განმარტავს, იგეგმება თუ არა ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვა არჩევნების შემდეგ
30/10/2020 10:31:40 საშინაო პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ლოქდაუნი აღარ გამოცხადდება. მისი თქმით, იქნება მხოლოდ წერტილოვანი, დროებითი შეზღუდვები კონკრეტული მიზნებისთვის. ამით პრემიერმა "ევროპულ საქართველოს" ლიდერებს უპასუხა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი ცნობით, არჩევნების შემდეგ ხელისუფლება საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას გეგმავს.
"ბევრი იყო საუბარი წინასაარჩევნო კონტექსტში ლოქდაუნთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები, როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ. [...] ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემისთან ბრძოლაში დღეიდან უკვე აქვს ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა იქნება პრიორიტეტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.