
"ქართველი ერი დღეს ოლიგარქს დაამარცხებს"
31/10/2020 06:25:17 საშინაო პოლიტიკა
" ქართველი ერი დღეს ოლიგარქს დაამარცხებს", – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„არავის უნახავს მსგავსი აქტივობა. უკლებლივ ყველა უბანზე დილის 08:00 საათიდან რვის ნახევრიდან დგას ხალხი რიგებში. ეს ნიშნავს იმას, რისი მოლოდინიც ჰქონდა აბსოლუტურ მოსახლეობის უმრავლესობას, რომ კონკრეტულად არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს. შეუძლებელია, დილის რვის ნახევრიდან იყოს ამხელა აქტივობა და ეს აქტივობა არ იყოს განპირობებული ჟინით, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი. შანსზე ვსაუბრობთ ჯერჯერობით, ხომ? ყელში ამოუვიდა ყველას ცინიზმი, დაცინვა მთელი რვა წლის განმავლობაში, თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს ყველაფერი ისე არის, როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა. ხალხს არ უნდა, მაგრამ მერე რა, თქვენ მაინც ბედნიერები უნდა იყოთ, რადგან ბიძინა ივანიშვილის გუნდი ხომ არის ბედნიერი?! პასუხი იქნება ღირსეული, მშვიდი და უდრეკი. ქართველი ერი დღეს მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს. ამ ქვეყანაში ოლიგარქს არ ექნება გაქანება და ასპარეზი დღეიდან, ხვალიდან უკვე ექნება ქართველი ხალხის ნიჭიერებას და არა ერთი ადამიანის სურვილებს. ერთი ეს არ ყოფილა, რაც უკვე ვთქვი, პრეცედენტის სახით უბნებზე რიგები და მეორე, მე არ მახსენდება, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩი ცესკო-ში მისულიყო. ესეც ნიშნავს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან ქართველი ხალხის გვერდით, ქართველ ხალხთან და არჩევანს არასდროს არავის მოაპარინებენ, არ მოვაპარინებთ ქართველი ხალხის არჩევანს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.
მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.
“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.
ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.