Accentnews.ge
ეუთო–ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ეუთო–ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

31/10/2020 06:42:20 კავკასია

ეუთო–ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, მიზანმიმართულად არ დაესხმებიან თავს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედრო ობიექტებს, აქტიურად ჩაერთვებიან ბრძოლის ველზე დარჩენილი ცხედრების გაცვლის პროცესში. ამასთან, მხარეებმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელსა და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს" ერთი კვირის ვადაში დაკავებული სამხედრო ტყვეების სია უნდა გადასცენ, რისი საბოლოო მიზანიც მათი გაცვლის პროცესის უზრუნველყოფაა", – ნათქვამია განცხადებაში.

ეუთო–ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს გუშინ ჟენევაში შეხვდნენ.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გარდა ამისა, 25 ოქტომბერს აშშ-მა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდებოდა ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება. თუმცა საზავო შეთანხმება არ შესრულდა. ერევანი და ბაქო ერთმანეთს ახალი საზავო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S