
"სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლების მიერ 10:00 საათისთვის 14 საჩივარია დაწერილი
31/10/2020 08:10:14 საშინაო პოლიტიკა
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლების მიერ, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაწერილია 14 საჩივარი. როგორც ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებს, ზოგიერთ უბანზე, არ ეძლევათ შესაძლებლობა განახორციელონ თავისი უფლება-მოვალეობები. ასევე, პირები, რომლებიც არ არიან საარჩევნო კომისიის წევრები, მათ დამკვირვებლებს უთითებენ სად უნდა დადგნენ და რომელი წერტილიდან განახორციელონ უბანზე დაკვირვება.
„მნიშვნელოვანია ასევე ფაქტი, რომელიც ისანში დაფიქსირდა. სამგორის N05.06.19 უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც წილისყრის ფუნქციების გადანაწილებასთან იყო დაკავშირებული. ასევე ისნისა და დიდუბის საარჩევნო უბნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. ეს პრობლემა დროულად აღმოაჩინეს და აღმოფხვრეს ჩვენმა დამკვირვებლებმა“,- განაცხადა თევზაძემ.
მისივე თქმით, უბნების გახსნამდე მარნეულის, სამგორის, კასპის, გორის, გარდაბნის უბნებზე კანონით დადგენილი წილისყრის პროცედურები დარღვევებით გაიმართა.
ცნობისთვის, “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოებელ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშტაბით, 24 ოლქში აკვირდება ორგანიზაციის 392 დამკვირვებელი და 21 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლებისთვის შეიქმნა სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ, მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის მობილური ჯგუფები სპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე შეამოწმებენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში იმუშავებს იურისტთა ჯგუფი, რომელიც საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად გაუწევს კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, ჩაერთვება საჩივრის მომზადების პროცესში.
ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.
მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.
“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.
ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.