Accentnews.ge
„მრავალეროვანი საქართველო” - რამდენიმე უბანზე გარკვეული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა

„მრავალეროვანი საქართველო” - რამდენიმე უბანზე გარკვეული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა

31/10/2020 08:24:36 საშინაო პოლიტიკა

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, უბნების გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა, თუმცა რამდენიმე უბანზე გარკვეული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა.

„დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე უბანზე შესვლის პრობლემა შეექმნათ „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებს მარნეულის ორ (უბანი #13.22.65 და #13.22.36) და კრწანისის ორ საარჩევნო უბანზე (უბანი #01.04.19 და #01.04.25). გარკვეული დროით დამკვირვებლების უბნის გარეთ დაყოვნების შემდეგ დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე შეუშვეს. მარნეულის #13.22.65 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებდნენ დილის 07:08 წუთზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების განმარტებით, დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე 08:00 საათამდე ვერ შევიდოდა. დამკვირვებელი უბანზე 07:14 წუთზე დაუშვეს, მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დარეკა. მარნეულის #13.22.36 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებდნენ დილის 07:00 საათზე, ვინაიდან კომისიის წევრებმა ვერ შეძლეს თერმომეტრის აპარატის მოხმარება. მას შემდეგ, რაც დამკვირვებელი დაეხმარა მათ აპარატის მოხმარებაში, დამკვირვებელი შეუშვეს საარჩევნო უბანზე. ახალქალაქის #18.40.61 უბანზე დამკვირვებელი არ შეუშვეს იმ არგუმენტით, რომ ის არ იყო ამ უბნის დამკვირვებელი. მრავალეროვანი საქართველოს მობილური ჯგუფის მისვლის შემდეგ დამკვირვებელი შეუშვეს უბანზე. კრწანისის #01.04.25 უბანზე დამკვირვებლები არ შეუშვეს დილის 07:00 საათზე. საუბნო საარჩევნო კომისიის განმარტებით, დამკვირვებლებს მხოლოდ 08:00 საათზე შეუშვებდნენ. საუბნო საარჩვნო კომისიამ უბნის კარები ჩაკეტა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა საარჩევნო უბანზე შესვლა დილის 08:00 საათის შემდეგ შეძლო. კრწანისის #01.04.19 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებნენ. საოლქო საარჩევნო კომისიიდან განხორციელებული ზარის შემდეგ მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე შეუშვეს. მარნეულის #13.22.70 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიამ მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელს მიუთითა, რომ საარჩევნო უბანზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა და ერთი კონკრეტული ადგილიდან უნდა დაკვირვებოდა კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას. მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის მიუთითეს, დარღვევა აღმოიფხვრა. ასევე, დაფიქსირდა, საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობის 4 ფაქტი. სიტყვიერი დაპირისპირების 1 ფაქტი. მარნეულის #13.22.71 უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და საარჩევნო კომისიის წევრს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“ თავმჯდომარემ კომიის წევრს გადაღების უფლება შეუზღუდა და ხელი ჰკრა, როდესაც ის წილისყრის პროცედურის მობილური ტელეფონიდან გადაღებას ცდილობდა. დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა 1 ფაქტი. სადემონსტრაციო ოქმის არშევსების 2 ფაქტი. თერმოსკრინინგის ჩატარების წესის დარღვევის 2 ფაქტი. არაუფლებამოსილი პირის ყოფნა საარჩევნო უბანზე 1 ფაქტი.

საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის 1 ფაქტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.

მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.

“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.

ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S