
ნაუსედა: "არჩევნებს მოაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული დემოკრატიის სიმწიფე აჩვენოს"
31/10/2020 10:26:07 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს მოაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული დემოკრატიის სიმწიფე აჩვენოს", – ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს.
"ლიეტუვა მხარს უჭერს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ხმის მიცემის უფლება, მიუხედავად პანდემიისა. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს", წერს ნაუსედა.
ცნობისთვის: საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. 120 დეპუტატი პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა, 30 – მაჟორიტარულით. მანამდე 77 დეპუტატი პარტიული სიით იყრიდა კენჭს, 73 — მაჟორიტარული ოლქებიდან.
საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.
ბოლო მონაცემებით, ცსკ-ის სიაში 3 526 022 ამომრჩეველი ფიგურირებს. საქართველოს 14 170 მოქალაქე კი ხმის მიცემას უცხოეთში შეძლებს – 38 სახელმწიფოში 52 საარჩევნო უბანი იმოქმედებს (მათგან ორი – ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებითვის).
საპარლამენტო არჩევნების გარდა, 31 ოქტომბერს საქართველოში აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები, ასევე თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ომის საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.