Accentnews.ge
საია: "კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს"

საია: "კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს"

31/10/2020 10:48:33 საშინაო პოლიტიკა

დღის 14:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მისივე ცნობით ძირითადად, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას.

ორგანიზაციის მიერ 10:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული დარღვევებია:

დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა:

- თელავის №5 უბანზე საიას დამკვირვებელი ტელეფონით აფიქსირებდა დარღვევის ფაქტს,კომისიის წევრებმა წაართვეს დამკვირვებელს მობილური, წაუშალეს ფოტო და გამოაძევეს უბნიდან;

- მარნეულის №5 უბანზე საიას დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა დამკვირვებელმა, რომელიც არის ორგანიზაციის „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისოსაზოგადოება" დამკვირვებელი. საიამ დაწერა საჩივარი და მოითხოვა ამ დამკვირვებლის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.

ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი:

- საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში, №42 უბანზე, საიას დამკვირვებელმა გადაიღო ხმისმიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა. უბანზე იმყოფება ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც ასაკოვან ამომრჩევლებთან ერთად შედის კაბინაში და აძლევს ხმას. ამას ხსნიან იმით, რომ ამ ადამიანებმა არ იციან ქართული ენა. კანონმდებლობით, ამომრჩევლებს ურთიერთდახმარება შეუძლიათ, მაგრამ ამ შემთხვევის პრობლემურობა მის სისტემურობაში ვლინდება;

- წინა წლების მსგავსად, გრძელდება ამომრჩევლის ნების კონტროლის ტენდენცია. უბნების პერიმეტრზე შეიმჩნევა სხვადასხვა პირის მობილიზაცია, რაც თვალთვალის განცდას ტოვებსდა ქმნის ამომრჩევლის ქცევის შეცვლის საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ ეს კანონდარღვევა არარის, მაგრამ უარყოფითი ტენდენციაა.

საზღვარგარეთის უბნებზე კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები (ამ დროისთვის კენჭისყრის პროცედურები დაწყებულია შემდეგ უბნებში: ბარსელონა, ოსლო, რომი,ფრანკფურტი, ბერლინი, პარიზი, ბრიუსელი, ლონდონი)

- დაწერილია ერთი საჩივარი ცესკოში რომის საარჩევნო უბანზე არსებული დარღვევებისშესახებ. ამომრჩევლებს არ უმოწმდებათ მარკირება, ამასთან, საიას დამკვირვებელს უარიუთხრეს საჩივრის რეგისტრაციაზე;

- ბარსელონაში კენჭისყრის შენობა გაიხსნა 08:05 წუთზე. როგორც საიას დამკვირვებლებს განუმარტეს, კომისიის წევრები იყვნენ უბანზე, თუმცა იგი ჩაკეტილი იყო. შესაბამისად,დამკვირვებელმა ვერ შეასრულა თავისი უფლებამოსილება. დაგვიანებით გაიხსნა საარჩევნოუბანი პარიზშიც (08:09);

- კომისიის წევრები არ არიან ინფორმირებულნი, ხშირია ტექნიკური ხარვეზები, კომისიისწევრები, მითითების შემდგომ, ძირითადად, მათ ასწორებენ. არის ორგანიზაციული პრობლემებიც, მათ შორის, კომისიის წევრები აგვიანებენ და პრობლემებია ინვენტართან დაკავშირებით.

კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დარღვევები:

- ზესტაფონის №14 უბანზე რეგისტრატორები არ ახსნევინებენ პირბადეს ამომრჩევლებს და არამოწმებენ სამაგიდე სიაში არსებულ ფოტოსურათს. ამასთან, რეგისტრატორებს არ ეკეთათ შესაბამისი ხელთათმანები. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.

მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.

“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.

ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S