
კადიროვი ჟირინოვსკისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს
31/10/2020 11:30:23 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, დეპუტატ ვლადიმირ ჟირინოვსკისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
მიზეზი ამ უკანასკნელის მიერ რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს ეთერში კადიროვის მიმართ გამოთქმული კრიტიკაა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მისამართით კადიროვის ხისტ გამონათქვამებს ეხებოდა. ჟირინოვსკიმ ეთერში ისიც თქვა, რომ “ზოგადად, რუსეთის რეგიონების ლიდერები საერთაშორისო საკითხებზე განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ”.
საპასუხოდ კადიროვმა განაცხადა, რომ დეპუტატის სიტყვებთ “გაკვირვებული და აღშფოთებულია”.
«ჟირინოვსკი, გირჩევ, ბოდიში მოიხადო, მერე კი მშვიდად ელოდო სადეპუტატო ვადის ამოწურვას», - დაწერა კადიროვმა სოციალურ ქსელში და დეპუტატი თვითპიარში დაადანაშაულა.
ოქტომბრის შუა რიცხვებში, პარიზის სიახლოვეს 47 წლის ფრანგი პედაგოგის მკვლელობის შემდეგ მაკრონმა ისლამური ექსტრემიზმი მკაცრად დაგმო, რითაც მუსლიმები აღაშფოთა. კადიროვმა კი მაკრონს “თავის ქვეყანაში ტერორიზმის შთაგონების წყარო” უწოდა.
თავის მხრივ, კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ “მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა ისევე დაუშვებელია, როგორც მკვლელობა”.
16 ოქტომბერს პედაგოგ სემუელ პატის მკვლელობის მიზეზად მის მიერ რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული გაკვეთილი ითვლება, რომელზეც პატიმ მოსწავლეებთან სიტყვის თავისუფლებაზე იმსჯელა და წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა უჩვენა ჟურნალ “შარლი ებდოდან”. მკვლელობაში დამნაშავედ ჩეჩნური წარმომავლობის 18 წლის მოსკოველი აბდულა ანზოროვი ითვლება, რომელიც მშობლებთან ერთად პარიზში რამდენიმე წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. მოზარდი დაკავებისას პოლიციელებმა მოკლეს.