Accentnews.ge
ფხაკაძე – საბანკო რეგულაციებზე: "მივიღეთ დაპირება, რომ თუ რამე გადასახედი იქნება, გადაიხედება"

ფხაკაძე – საბანკო რეგულაციებზე: "მივიღეთ დაპირება, რომ თუ რამე გადასახედი იქნება, გადაიხედება"

13/05/2019 13:31:40 ეკონომიკა

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნესმენებმა ეროვნული ბანკისგან მიიღეს დაპირება, რომ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დაკვირვება მომავალი თვეების განმავლობაში გაგრძელდება და თუ რამე გადასახედი იქნება, ეროვნული ბანკი მზადაა, გადახედოს.ამის შესახებ ფხაკაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„ის, რომ ქვეყანაში უნდა იყოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები და სესხის გაცემა კლიენტის გადახდისუნარიანობის კარგი ანალიზისა და შეფასებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს, ამაში ჩვენ საერთო პოზიცია გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგულაციების შემოღებაზე ვთანხმდებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მომავალი თვეების განმავლობაში დავაკვირდეთ, როგორ ასახვას ჰპოვებს რეგულაციები ამა თუ იმ სექტორზე. გამოიკვეთა ორი სექტორი, სადაც არსებობს გარკვეული შეკითხვები, ამიტომ მნიშნველოვანია ძალიან ღია საუბარი. დავაყენეთ მნიშვნელოვანი საკითხები. მივიღეთ ამომწურავი პასუხები და იყო პროფესიონალური დისკუსია. მივიღეთ მზაობა და დაპირება, რომ მომავალი თვეების განმავლობაში გაგრძელდება ანალიზი. ამ ანალიზისა და კონკრეტულად ციფრებზე დაყრდნობით, თუ რამე გადასახედი იქნება რეგულაციებთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზაობას, რომ ეს მოხდება“,-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისივე თქმით, საბანკო რეგულაციებმა განსაკუთრებით ბიზნესის ორი სეგმენტი აზარალა: 

„საბანკო სისტემასთან მიმართებაში თუ შევხედავთ მაჩვენებლებს, ვერ ვხედავთ ნეგატიურ შედეგებს, მაგრამ არის ორი ინდუსტრია - დეველოპერები და საცალო სექტორში მომუშავე კომპანიები, საყოფაცხოვრებო ტექნიკის კუთხით, რომლებიც პრობლემებს გრძნობენ. ჩვენ ბიზნესის განვითარება თუ გვინდა, ბუნებრივია, ყველა სექტორს უნდა დავუჭიროთ მხარი. აქედან გამომდინარეა, რომ გვინდა მომავალში დავაკვირდეთ და პროფესიული ანალიზის საფუძველზე მიიღოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი გადაწყვეტილება“.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენმაც.

„მე ბევრჯერ განვმარტე, რომ თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ იმ რეგულაციას , რომელიც საქართველოშია, ის საკმაოდ რბილია, რადგანაც სხვა ქვეყნების უმრავლეს შემთხვევაში არ ხდება ე.წ. არაოფიციალური შემოსავლების გათვალისწინება შემოსავლებში, ხოლო ის რეგულაცია, რაც ჩვენ გვაქვს, ამას განიხილავს და უშვებს. საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა შეიმუშაონ ის წესები და მიდგომები, რომლითაც განსაზღვრავენ არაოფიციალურ შემოსავლებს. თუ ვინმეს აქვს შემოსავალი, რომელიც არ არის ოფიციალური, ამის გათვალისწინება აბსოლუტურად შესაძლებელია სესხის აპლიკაციის განხილვისას. ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომით და იმის ანალიზით, თუ რამდენად კარგად ხდება ამ დაშვების გამოყენება, აბსოლუტურად შესაძლებელია ყველა იმ მსესხებელმა, რომელსაც სესხის მომსახურეობის საშუალება აქვს, მიიღოს სესხი და ჰქონდეს წვდომა ფინანსურ რესურსებზე“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S