
ალეკო ელისაშვილმა ნიკა მელიას სოლიდარობა გამოუცხადა
26/06/2019 20:17:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
“სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა ენმ–ის წევრ ნიკა მელიას სოლიდარობა გამოუცხადა. ამის სესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“არის რაღაცეები რაც ჩემთვის პოლიტიკაზე მაღლა დგას. ახლა ამაზე დავწერ:
ნიკა მელია ჩემი პოლიტიკური მოწინააღმდეგეა. სრულიად მიუღებელ, აღაშფოთებლად მიუღებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. მაგრამ მე ბავშვობიდან მასწავლეს რომ ვაჟკაცობა მოსისხლე მტერსაც უნდა დაუფასო, არათუ პოლიტიკურ ოპონენტს. იმასაც ვიტყვი რომ 20 ივნისის საღამოს ჩემი შეხედულებით ნიკა მელიას ქმედება იყო დიდი უპასუხისმგებლობა, მაგრამ იყო თუ არა ეს უპასუხისმგებლო ქცევა დანაშაული ხელისუფლებას უნდა გამოეძიებინა. გამოეძიებინა დინჯად, კვალიფიციურად და აუღელვებლად და არა ფართხაფურთხით და თათარიახნად. ამის ნაცვლად ვხედავთ სადამსჯელო სხდომას, კომკავშირულ ამხანაგურ სასამართლოს. ვხედავთ ერთის მხრივ ვაჟკაც ბიჭს და მეორეს მხრივ ტურების თავშეყრას. ყველაზე მეტად ბავშვობიდან მძულს სუსტის მჩაგვრელები – “აბიჟნიკები”. ჰოდა, დღეს ოცნება “ეაბიჟნიკება” ერთ კაცს. თან ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა და მისი დაჭერა სისხლს ჩამორიცხავს თვალთხარია გახარიას?
ვინც როგორი კუდი გინდათ მოაბით ეხლა რაც დავწერე იმას, მაგრამ მე ჯერ კაცი ვარ და მერე პოლიტიკოსი. ჰოდა, ეხლა კაცურად ვუჭერ მხარს ნიკა მელიას. ესაა და ეს”, წერს ელისავილი.
შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა. მოთხოვნა პარლამენტმა დააკმაყოფილა. პროკურატურა სასამართლოსათვის მიმართვას და დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხის დაყენებას გეგმავს.