
TI - 2018 წლის საპრეზიდენტო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამ არჩევნებზე უფრო მეტი დარღვევები შეინიშნება
31/10/2020 13:48:25 საშინაო პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” (TI) დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დღის მეორე ნახევარში ზოგიერთი უბნის გარეთ პროცესი გარკვეული დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა უბნების უმეტესობაში კვლავაც სიმშვიდეა. 2018 წლის საპრეზიდენტო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევების უფრო დიდი რაოდენობა.
"17:00 საათისთვის ჩვენს მიერ დაფიქსირდა 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 31 საჩივარი", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მისივე ცნობით, მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტზე თავდასხმა
გლდანის #39 საჯარო სკოლასთან, სადაც 3 საარჩევნო უბანია განლაგებული, შენობის მიმდებარედ სხვადასხვა პარტიის აქტივისტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაზიანდა „ტვ პირველის” ჟურნალისტი ანა ახალაია. ასევე, ონლაინ მედია „პუბლიკას” ჟურნალისტს დაუმტვრიეს ტელეფონი. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლასთან დღის განმავლობაში ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი მოხდა და პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
დამკვირვებლების გამოძევება
ხელვაჩაურის #30.83.13 უბანზე ჩვენი მობილური დამკვირვებელი არ შეუშვეს, ვინაიდან მან უბნის გარეთ ფოტოები გადაიღო, რამაც კომისიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.
მარნეულის #13.23.13 დამკვირვებელი არასწორად გააძევეს უბნიდან, ის უღებდა კაბინას ფოტოს გარედან, რადგან 3 ამომრჩეველი იყო ერთდროულად შესული კაბინაში.
კენჭისყრის ფარულობის დარღვევა
გორის #15.32.67 უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა.
დმანისის #14.24.19 უბნის კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა იქვე მყოფ პირს აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი.
თელავის #10.17.39 უბანზე რამდენიმე ადამიანი კაბინაში მიყვებოდა ამომრჩეველს კაბინაში, რაზეც თავმჯდომარე არ რეაგირებდა.
გარდაბნის #13.21.58 ერთ-ერთი დამკვირვებელი კაბინაში შეყვა ამომრჩეველს და დაეხმარა ბიულეტის შევსებაში.
ახალქალაქის #18.40.35 უბანზე კომისიის ორმა წევრმა ხმის მიცემის შემდეგ საკუთარ ბიულეტენს კონვერტში ჩადებამდე გადაუღო ფოტო.
ადიგენის #17.38.12 უბანზე დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ამომრჩევლები ერთმანეთის კაბინებში გადადიოდნენ და შემოხაზულ ბიულეტენს სხვებს აჩვენებდნენ.
გლდანის #08.10.108 უბანზე სპეციალურ სიაში რეგისტრირებულ ისეთ ამომრჩეველს, რომელსაც მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა, მაჟორიტარულ არჩვენებშიც მიაღებინეს მონაწილეობა.
მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში
გურჯაანის #09.12.02 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი დამკვირვებელს სიტემატურად კარნახობდა მოსული ამომრჩევლის სახელს, გვარსა და პირად ნომერს.
არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნა
ახალციხის #17.37.29 უბანზე ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის” დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ახალციხის საკრებულოს წევრი ამბარცუმ ბაბოიანი, საკრებულოს წევრობა შეუთავსებელია დამკვირვებლის სტატუსთან.
კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა
მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ბევრ უბანზე არ იცავენ კოვიდუსაფრთხოების წესებს. გარდა ამისა, რუსთავის #12.20.08 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ვერ აკონტროლებს რიგს, უბანზე მოქალაქეები ვერ იცავენ დისტანციას.
მარკირების წესების დარღვევა
რუსთავის #12.20.66 უბანზე ისეთ ამომრჩეველს მიაცემინეს ხმა, რომელსაც უკვე აღენიშნებოდა მარკირება.
გლდანის #08.10.30 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი მისთვის ნაცნობ ამომრჩევლებს არ უმოწმებდა პირადობების მოწმობებს და მარკირებას.
პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა
წალენჯიხის #25.68.11 უბანზე პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს ხმა.
გადასატან ყუთთთან დაკავშირებით არსებული პრობლემები
წყალტუბოს #22.58.29 უბნის გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე. რამდენიმე შემთხვევაში კი კომისიის წევრებმა პირადი ნომერი შეავსეს გადასატანი ყუთის უკან დაბრუნების შემდეგ.
გარდაბნის #13.21.21 უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულმა პირმა საარჩევნო უბანზეც მისცა ხმა და გადასატანი ყუთითაც.
ქუთაისი #23.59.55 უბანზე დარღვეულია გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობა.
ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.
მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.
“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.
ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.