
საია – 18:00 საათისთვის კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს
31/10/2020 14:46:46 საშინაო პოლიტიკა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) ცნობით, 18:00 საათისთვის კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ძირითადად დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას.
"ზოგადი ტენდენციის სახით შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო პირთა დიდი რაოდენობით მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ძალდობრივ ქმედებებს. რაც ხელს უშლის და საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის მშვიდ და კანონის ფარგლებში ჩატარებას. ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა ჯამში 64 საჩივარი, აქედან 37 უბნის, ხოლო 27 ოლქის დონეზე", – აცხადებენ ორგანოზაციაში.
საიას ცნობით, 14:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები:
დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა: სამტრედიაში #51 და თელავის #5 უბანზე საიას დამკვირვებლები უსაფუძვლოდ გამოაძევეს უბნიდან და არ მიეცა დაკვირვების შესაძლებლობა (ორივე შემთხვევა გასაჩივრებულია); სამტრედიაში #95 უბანზე საიას დამკვირვებელს არ მისცეს საშუალება გაცნობოდა ჩანაწერთა წიგნში არსებულ ინფორმაციას და შენიშვნა დაეფიქსირებინა მასში. საიამ ამ ფაქტზე საჩივარი დაწერა როგორც უბნის ასევე ოლქის დონეზე;
ამომრჩევლის ნების კონტროლი: საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში, №42 უბანზე, გრძელდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები. როდესაც, ერთი და იგივე პირი რომელიც დაფიქსირებულია წინა განცხადებაში, ამომრჩევლებთან ერთად შედის კაბინაში და აძლევს ხმას მათ ნაცვლად. საია დარღვევას საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრებს;
ამომრჩეველთა ნების კონტროლის ფაქტები დაფიქსირდა უბნის შიგნით, კერძოდ: დმანისის #19 უბანზე ამომრჩევლები შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდნენ დამკვირვებლებს, რომლებიც აწარმოებდნენ ამ ინფორმაციის აღრიცხვას. ფაქტზე საიამ დაწერა საჩივარი; დუშეთის #9 უბანზე ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი ინიშნავს მოსული ამომრჩევლების მონაცემებს;
გლდანის #79 და #84 უბნებში გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა ნების კონტროლის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოუწოდებენ „კოორდინატორებს“ უზრუნველყონ წინასწარ განსაზღვრული პირების მოყვანა საარჩევნო უბანში; რუსთავის #74 და #75 უბნებზე ასევე მობილიზებულები არიან კოორდინატორები, რომლებიც ახდენენ მოსული ამომრჩევლის იდენტიფიცირებას;
მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა: მარნეულის #7 უბანზე მარკირებული ამომრჩეველი მეორედ შევიდა უბანზე და მეორედ მისცა ხმა;
ფარულობის პრინციპის დარღვევა: მარნეულის #10 უბანზე კაბინები იმგვარად არის განლაგებული რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დაფიქსირება.
არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა:
ბაღდათის #2, თეთრიწყაროს #21 და გლდანის #80 უბანზე ამომრჩეველს უფლება მისცეს ხმა მეცა არასათანადო დოკუმენტაციის, კერძოდ მართვის მოწმობის მეშვეობით.
ძალადობის შემთხვევები საარჩევნო უბანზე: გლდანის ოლქის N79 საარჩევნო უბანთან „პუბლიკის“ ჟურნალისტს უბნის პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირი მედიის სხვა წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდა და მათი მისამართით საჯაროდ იგინებოდა. ამავე უბანთან მიმდინარე დაპირისპირების დროს, სახის არეში დაზიანება მიიღო TV პირველის ჟურნალისტმა ანა ახალაიამაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ნივთის დაზიანების (სსკ-ის 187-ე მუხლი) კვალიფიკაციით, რაც წარმოადგენს არასრულყოფილ კვალიფიკაციას, რადგან გამოძიება უნდა დაწყებულიყო სსკ-ის 126-ე (ძალადობა) და 154-ე მუხლებითაც (ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა). საია მოუწოდებს შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებისას;
ამავე ტერიტორიაზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დამკვირვებლები. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაპირისპირების ერთი მხარე სავარაუდოდ „ქართული ოცნებასთან“ აფილირებული პირები იყვნენ, ხოლო მეორე მხარეს იყვნენ დამკვირვებლები, რომელთა ვინაობაც ჩვენთვის უცნობია და რომელთაც აიძულებდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია, შეეწყვიტათ თავიანთი საქმიანობა. მოძალადეები დამკვირვებლებს იხსენიებდნენ როგორც „ნაციონალებს“ და აყენებდნენ როგორც ფიზიკურ ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე იქ მყოფები აღნიშნავენ, რომ ინციდენტისას ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას. შესაბამისად, მივმართავთ შსს-ს დროულად აღკვეთოს და გამოიძიოს ეს ფაქტი, სადაც სავარაუდოდ იკვეთება სისხლის სამართლის 1621-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა), ასევე 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება);
ფოტო-ვიდეო გადაღების დარღვევა: მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები აგრძელებენ ამომრჩევლებისთვის სურათების გადაღებას ახლო დისტანციიდან. ფოტოგადაღება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება და პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავება.
სხვა პროცედურული დარღვევები:
დაფიქსირდა საარჩევნო ბიულეტენების გაცემის და ყუთში მოთავსების წესის დარღვევა, მათ შორის ხულოს #2 უბანში მოქალაქეს ერთ შემთხვევაში მისცეს ერთი და იგივე სახის ორი ბიულეტენი; საჩხერის #9 უბანზე ამომრჩეველს ყუთის ზედამხედველმა მისცა საშუალება ბიულეტენი საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის გარეშე მოათავსებინა;
"საზღვარგარეთის უბნებზე კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები (ამ დროისთვის კენჭისყრის პროცედურები დაწყებულია შემდეგ უბნებში: ბარსელონა, ოსლო, რომი, ფრანკფურტი, ბერლინი, პარიზი, ბრიუსელი, ლონდონი, ვაშინგტონი, ათენი): ბარსელონაში უბანზე მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ მიმართეს შესაბამის უწყებებს და რეგისტრირებულნი არიან, თუმცა, არ არიან სიებში; ათენის #39-ე საარჩევნო უბანზე, დამკვირვებელი მხოლოდ საიას მოთხოვნის შემდეგ დაარეგისტრირეს, მანამდე განუმარტავდნენ, რომ დამკვირვებლები უბანზე როტაციის წესით უნდა ყოფილიყვნენ.
ზოგადი ტენდენციის მიხედვით ყველგან, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს უჭირთ პროცესის თანმიმდევრულად წარმართვა.
კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დარღვევები: ფიქსირდება უბნებზე კომისიის წევრების და დამკვირვებლების მიერ პირბადის არასათანადოდ ტარება”,-აღნიშნულია არასამთავრობომორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.
მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.
“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.
ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.