Accentnews.ge
„მრავალეროვანი საქართველო": "კენჭისყრის პროცესი გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს"

„მრავალეროვანი საქართველო": "კენჭისყრის პროცესი გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს"

31/10/2020 14:53:53 საშინაო პოლიტიკა

"15:30 საათისთვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით",- ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა გადასატანი საარჩევნო ყუთის, საარჩევნო კომისიის წევრების მიერ საკუთარი უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელებისა და ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შევიდა 6 საჩივარი, რომელთაგან 1 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

„ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა (2 შემთხვევა): ბოლნისის #14.23.22 უბანზე ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას. კერძოდ, ამომრჩევლები ერთმანეთს აჩვენებდნენ შემოხაზულ ბიულეტენებს. რიგ შემთხვევებში, კენჭისყრის პროცედურა ხორციელდებოდა კაბინაში შესვლის გარეშე. უბანზე მუდმივად არის ხალხმრავლობა, რითაც მნიშვნელოვნად ფერხდება კენჭისყრის პროცესი. ასევე ადგილი აქვს დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას. მათ უკრძალავენ გადაადგილებას და რეგისტრატორის მაგიდასთან ახლოს არ უშვებენ.

ლაგოდეხის #10.15.22 უბანზე დაფიქსირდა ორი შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველმა საარჩევნო კაბინიდან გამოსვლისას ბიულეტენი საარჩევნო უბანზე მყოფ საარჩევნო სუბიექტის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელს აჩვენა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საკუთარი უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელება (3 ფაქტი): მარნეულის #13.22.69 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი ფურცელზე ინიშნავდა საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების გვარებს და მათ გასწვრივ პლუსებს უსვამდა.

მრავალეროვანი დამკვირვებლის ინფორმაციით, სულ 12 ამომრჩევლის მონაცემები მოინიშნა. დამკვირვებლის მიერ საჩივარი დაიწერა და მოთხოვნილ იქნა რეგისტრატორის შეცვლა და მისი დისციპლინური პასუხისმგებლობა. დარღვევა აღმოიფხვრა. გარდაბნის #12.21.48 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ოთხ შემთხვევაში მარკირება არ გაუკეთა ამომრჩეველს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა მისცა მითითება და დარღვევა აღმოიფხვრა. ასევე ამავე რეგისტრატორმა ერთ შემთხვევაში ხელმოწერა არ გაუკეთა და ბეჭედი არ დაარტყა საარჩევნო ბიულეტენზე. ამავე დარღვევაზე მრავალეროვანი დამკვირვებლის მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა შენიშვნა. დამკვირვებელმა მოითხოვა აღნიშნული რეგისტრატორის შეცვლა სხვა რეგისტრატორით, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკმაყოფილდა და აღნიშნული რეგისტრატორი სხვა რეგისტრატორით შეიცვალა. ნინოწმინდის #18.40.22 საარჩევნო კომისიის წევრები წინასწარ ურტყამდნენ ბეჭდებს საარჩევნო ბიულეტენებს, სულ 15 ბიულეტენს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა ამ ფაქტის ვიდეოგადაღება მოახდინა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ კომისიის წევრებმა განმარტეს, რომ არ იცოდნენ დარღვევა რომ იყო და პროცესი შეაჩერეს. გადასატანი საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული საკითხები (3 შემთხვევა): მარნეულის #13.22.2 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის ნომერი არ ემთხვევა ჩანაწერთა წიგნში შეყვანილ ნომერს. ლაგოდეხის #10.15.21 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი დაილუქა დილის 07:55 საათზე, გადასატანი საარჩევნო ყუთი უბნიდან გავიდა დილის 09:10-ზე და დაბრუნდა მალევე, 10:50 საათზე.

დამკვირვებლის ინფორმაციით საარჩევნო ყუთს არ ჰქონდა ლუქი. საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნებისთანავე საარჩევნო უბანზე მოვიდა ორი უცხო პირი, რომლებმაც განაცხადეს, რომ იყვნენ ცესკოს თანამშრომლები და მათ დალუქეს აღნიშნული ყუთი. ამ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დაიწერა საჩივარი და მოთხოვნილ იქნა გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობა. საჩივარი დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიაში. გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი იყო 7 ამომრჩევლის მონაცემები და დაფიქსირებულია 7-ივე ამომრჩევლის ხელმოწერა. ახალქალაქის #18.40.26 საარჩევნო უბანზე 10:45 საათზე დამკვირვებელმა გადასატანი ყუთის სიაში დააფიქსირა, რომ იყო 12 ამომრჩეველი. მოგვიანებით, როდესაც ყუთი უნდა გაეტანათ უბნიდან დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ სიაში იყო 13 ამომრჩეველი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის განმარტებით, ამ ამომრჩეველს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ის საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ ახერხებდა. ამიტომ ის სიაში დაამატეს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი. აგიტაცია საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში (1 შემთხვევა): ნინოწმინდის #18.41.19 საარჩევნო კომისიის წევრმა ორ შემთხვევაში მიუთითა ამომრჩეველს ვისთვის მიეცა ხმა. დამკვირვებლის ინფორმაციით, მან ამომრჩეველს #2 მიუთითა. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

არჩევნების დღეზე დაკვირვება მოიცავს სულ 12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, რომელიც ფარავს 24 მუნიციპალიტეტის საზღვრებს. ესენია: რუსთავი და გარდაბანი (#12), მარნეული (#13), ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო (#14) - ქვემო ქართლი; ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა (#17), ახალქალაქი და ნინოწმინდა (#18) - სამცხე-ჯავახეთი; საგარეჯო და გურჯაანი (#9), ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი და ახმეტა (#10) - კახეთი; კასპი (#15) - შიდა ქართლი; მცხეთა (#11)- მცხეთა-მთიანეთი; ასევე კრწანისი (#1), ისანი (#4) და სამგორი (#5) - თბილისი. არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 600 დამკვირვებელი, მათ შორის 465 საუბნო, 97 მობილური ჯგუფის, 22 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი. არჩევნებს დღეს სადამკვირვებლო მისიას კოორდინირებას გაუწევს საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც იფუნქციონირებს როგორც ინციდენტების ცენტრი, ასევე მედია ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისგან იღებენ და ამუშავებენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები. საკოორდინაციო ცენტრში თავმოყრილი ინფორმაცია პერიოდულად გასაჯაროვდება ქართულ და ინგლისურ ენებზე მედია ოფისის მიერ. შემდეგი ინფორმაცია გასაჯაროვდება: პრესრელიზი 19:30-სთ-ზე, რომელშიც აისახება ინფორმაცია ამომრჩეველთა ოდენობისა და ხმის მიცემის პროცესის შესახებ; გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ საკოორდინაციო ცენტრში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და საკოორდინაციო ცენტრს გაუზიაროს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

„მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ხორციელდება „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID), შვედეთის სამეფოს საელჩოს, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით. განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.

მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.

“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.

ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S