Accentnews.ge
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“: "„ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან ადგილი აქვს ე.წ. კარუსელებს"

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“: "„ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან ადგილი აქვს ე.წ. კარუსელებს"

31/10/2020 15:13:22 საშინაო პოლიტიკა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის განცხადებით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, გამოავლინეს ე.წ. „კარუსელის“ რამდენიმე ფაქტი.

მისი ინფორმაციით, 19:00 საათისთვის შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:

  • მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.03 უბანზე დაფიქსირდა ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემისა და ყუთში ზედმეტი კონვერტების ჩაყრის ფაქტები;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარული ოლქის N14.23.55 უბანზე დაფიქსირდა მარკირების შემოწმების პროცედურის გარეშე უბანზე შესვლის ფაქტი, ასევე ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის ფაქტი. ამასთან ერთად, კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა არ მიიღეს დამკვირვებლის საჩივარი რეგისტრაციაში;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარული ოლქის N14.23.55 უბანზე შედიან არაუფლებამოსილი პირები, რომლებიც ამომრჩევლებთან ერთად ასევე შედიან კაბინაში. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ უბანზე ამომრჩეველს არ უკეთდება მარკირების პროცედურა და ადგილი აქვს ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემას;
  • მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარული ოლქის N13.22.02 უბანზე ჩანაწერთა წიგნში მითითებული გადასატანი ყუთის ლუქის ნომერი არ ემთხვევა რეალურად გადასატანი ყუთის ლუქის ნომერს;
  • ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქის N26.67.47 უბანზე კომისიის რეგისტრატორი წევრი შეგნებულად არ აწერდა ხელს ბიულეტენზე ამომრჩევლის რეგისტრაციისას.
  • სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, N05.06.35 უბანზე გადასატანი ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავი;
  • მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარული ოლქის N13.22.83 ამომრჩეველთა სიის კედლის ვერსიაში მითითებული ამომრჩევლის გვარის გასწვრივ მიწერილია, რომ ამომრჩეველი იმყოფება საზღვარგარეთ, თუმცა მოცემული ამომრჩევლის გრაფაში გაკეთებულია ხელმოწერა.

ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.

მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.

“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.

ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S