
რა გავლენა აქვს ნავთობის ფასის ზრდას და ლარის გაუფასურებას საქართველოში საწვავის ფასზე
27/06/2019 05:48:43 ეკონომიკა
ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ფასების დასტაბილურების შემდეგ ნავთობმა, ერთი კვირაა, გაძვირება დაიწყო. ამის განმაპირობებელი ძირითადად ორი ფაქტორია. პირველი, ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობა და მეორე – აშშ-ში ნავთობის მარაგების შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ ყიდულობს ნავთობს და მასზე მოთხოვნა იზრდება.
როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, ნავთობის ფასზე მოქმედმა ამ ორმა ფაქტორმა გამოიწვია ის, რომ პლატცის მიხედვითაც ნავთობმა გაძვირება დაიწყო.
"რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება. ლარის გაუფასურება იწვევს ნავთობიმპორტიორებისთვის ხარჯის ზრდასაც, რადგან ბათუმი-თბილისის სარკინიგზო მომსახურება დოლარშია ფიქსირებული და ერთადეთი გადასახდი, რომელიც ლარშია, ესაა აქციზი. გარდა ამისა, დღგ-ს გადასახადიც მეტი გამოდის, როცა ლარი უფასურდება", - განმარტავს ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი.
ვანო მთავრალაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასმა შემცირება დაიწყო, საქართველოში ზოგიერთმა არაბრენდირებულმა სადგურმა საწვავი გააიაფა, თუმცა მიმდინარე ტენდენციები სავარაუდოდ ამ პროცესს შეაფერხებს.
ამ ეტაპზე ნავთობიმპორტიორები საწვავზე ფასებს ინარჩუნებენ, რაც ლარის გაუფასურების მიუხედავად წინა პერიოდში ნავთობზე ფასების შემცირებით არის დაკომპენსირებული.
"თუ ნავთობის გაძვირების და ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, ფასების გადახედვა ქართულ საცალო ქსელში გარდაუვალი იქნება", - აცხადებს bm.ge-თან საუბარში ვანო მთვრალაშვილი.
წყარო: bm.ge