შესაძლებელია თუ არა COVID-19-ით განმეორებით ინფიცირება? მთავარი - იმუნიტეტის თაობაზე

01-11-2020 16:47:36 მითები და რეალობა

ბრიტანელმა მკვლევარებმა დაადგინდეს, რომ COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი უფრო სწრაფად ქვეითდება, ვიდრე აქამდე ითვლებოდა, - იუწყება DW.

"ახლა იმუნიტეტი მაქვს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოქტომბრის დასაწყისში კორონავირუსისგან სამდღიანი მკურნალობის შემდეგ და პირობა დადო, რომ “თითოეულ ამომრჩეველს ჩაკოცნიდა”.

თუმცა ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევარების ბოლო მონაცემებით, ვაქცინაციის გარეშე კოვიდ-ინფექციისადმი გამოუშავებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში ქვეითდება, ხოლო ტესტის დადებითი პასუხი ანტისხეულებზე არ იძლევა იმის გარანტიას, რომ იმუნიტეტი ხანგრძლივად შენარჩუნდება.

როგორც ბრიტანელი მკვლევარები აღნიშნავენ, იმუნიტეტის ხანგრძლივობა მრავალი ფაქტორის ერთობლიობაზეა დამოკიდებული, მაგალითად, ასაკზე: 75 წელს გადაცილებულების ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა გაცილებით უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე ახალგაზრდებში. გარდა ამისა, ანტისხეულების რაოდენობა ავადმყოფობის მიმდინარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. საინტერესოა, რომ კოვიდ-ინფექციაგადატანილ სამედიცინო მუშაკებში ანტისხეულების კონცენტრაცია უფრო ნელა იკლებდა. მეცნიერების ვერსიით, ეს შეიძლება, იმას უკავშირდებოდეს, რომ მედპერსონალი მუდმივ კონტაქტშია კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებთან და ინფიცირების მომენტში ვირუსის დიდ დოზას იღებს.

სხვა კვლევაში, რომელიც ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთობლივად ჩაატარეს, დადგინდა, რომ სისხლში ანტისხეულების კონცენტრაცია მაქსიმუმს ინფიცირებიდან 2-4 კვირაში აღწევს, მერე კლებას იწყებს, თუმცა დაახლოებით 4 თვლის განმავლობაში მაინც მომატებული რჩება. კვლევის ხელმძღვანელ რიშელ ჩარლზის ვარაუდით, ამ დროის განმავლობაში კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების რისკი შედარებით დაბალია. თუმცა ცალსახა პასუხს ამ მიმართულებით აღნიშნული კვლევა ვერ იძლევა.

ამასთან, როგორც სხვადასხვა კვლევების შედეგების შედარებამ აჩვენა, ბევრი რამ დამოკიდებულია ადგილსამყოფელზეც. ასე, მაგალითად, ნიუ-იორკში ჩატარებული კვლევისას ანტისხეულები გამოკვლეულთა 20%-ს აღმოუჩინეს, გერმანულ ოლქ ჰაინსბერგში - 15-ს, ავსტრიულ იშგლეში – 40-ს. ჩინეთში, სადაც პირველად იქნა აღმოჩენილი ახალი ტიპის კორონავირუსი SARS-CoV-2, ერთ-ერთი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ინფიცირებიდან ორ თვეში სისხლში ანტისხეულების დონე უკვე თითქმის 0-ს უტოლდებოდა. სამაგიეროდ არიზონას (აშშ) უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ 6 000-მდე პაციენტის გამოკვლევის შედეგები მეტი ოპტომიზმის საფუძველს ქმნის: აქ იმუნიტეტი სულ მცირე, 5 თვის განმავლობაში ნარჩუნდებოდა (სხვადასხვა კვლევების შედეგებში ამხელა სხვაობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება, ის გარემოება იყოს, რო ზოგადად, სისხლში ანტისხეულების არსებობის დადასტურება არც ისე ადვილია).

თანაც, ანტისხეულები ყველა შემთხვევაში როდი გამომუშავდება. რიგი კვლევების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ იმ ამერიკელი მეზღვაურების 40%-ს, რომლებიც პანდემიის ერთ-ერთ უმსხვილეს კერაში – ცნობილ ავიამზიდზე მსახურობდნენ, ანტისხეულები საერთოდ არ გამოუმუშავდა.

მსგავს დასკვნებამდე მივიდნენ გერმანიის ლიუბექსის უნივერსიტეტის მკვლევარებიც. მათ მიერ გამოკვლეულთა უმეტესობამ დაავადება მსუბუქი ფორმით გადაიტანა და მათი მეოთხედის სისხლში მედიკოსებმა ანტისხეულები ვერ აღმოაჩინეს.

ამგვარად, ცალსახად დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს, ვერ ვიქნებით და მსოფლიოში კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების უკვე საკმაოდ ბევრი შემთხვევაა ცნობილი საიმისოდ, რომ პირებმა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, განაგრძონ ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციისა და ყველა სხვა პროფილაქტიკური წესის დაცვა, - ასკვნიან ბრიტანელი მკვლევარები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები