
"უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა მთელი საარჩევნო პროცესის, მათ შორის მეორე ტურის განმავლობაში გადამწყვეტია"
01/11/2020 18:28:25 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩვენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა მთელი საარჩევნო პროცესის, მათ შორის მეორე ტურის განმავლობაში გადამწყვეტია".
"ეუთო–ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს და NATO-ს საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ შეფასებებზე დაფუძნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებები - დაცული, თუმცა იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები და რომ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ იყო, რამაც შეამცირა საზოგადოებრივი ნდობა პროცესების ზოგიერთი ასპექტის მიმართ. უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა მთელი საარჩევნო პროცესის, მათ შორის მეორე ტურის განმავლობაში გადამწყვეტია, ისევე, როგორც ყველა საჩივრისა და მიმართვის სამართლიანი, გამჭვირვალე განხილვა. მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ განაგრძოს დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვა, ადამიანის უფლებების პატივისცემა. უმნიშვნელოვანესია თავისუფალი და პლურალისტული მედიაგარემოს პირობების, მათ შორის ამომრჩევლისთვის სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალების უზრუნველყოფა. ევროკავშირი გააგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას საარჩევნო პერიოდზე, განსაკუთრებით - მეორე ტურის დღეს. ევროკავშირი დემოკრატიული, სტაბილური, წარმატებული და ინკლუზიური საქართველოს გვერდით დგას და განაგრძობს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოციაციის პროცესისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას ასოცირების ხელშეკრულების თანახმად", - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის პრეს–მდივნის, პეტერ სტანოს განცხადებაში.