
ვენდი მორტონი: "მხარეებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ მოვუწოდებთ"
02/11/2020 05:46:33 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს, ევროპის და ამერიკის საკითხებში მინისტრი, ვენდი მორტონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და მხარეებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ მოუწოდებს.
“გაერთიანებული სამეფო ეთანხმება ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. მოვუწოდებთ მხარეებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს საგარეო მისწრაფებებთან”, – განაცხადა მორტონმა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:
„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.
იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში