Accentnews.ge
"მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები"

"მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები"

02/11/2020 09:39:08 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილის აზრით, ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი არ უნდა თქვას.

როგორც ჩუგოშვილი განმარტავს, 31 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს, ვერც საერთაშორისო პარტნიორები.

„არ შეიძლება, ხელისუფლება მარტო დატოვო პარლამენტში ყოველგვარი ოპონირების და კონკურენციის გარეშე (ეს უკვე ვქენით ერთხელ და კარგით არაფრით დასრულდა). დღეს ოპოზიციას იმაზე მეტი მანდატი აქვს მოპოვებული, ვიდრე ოდესმე და დღევანდელი კანონმდებლობით, არსებული საკონტროლო მექანიზმების გათვალისწინებით, პარლამენტში ეს მანდატები იმაზე დიდი ძალაა, ვიდრე ოდესმე”, -წერს თამარ ჩუგოშვილი "ფეისბუქში" პირად გვერდზე.

მისი შეფასებით, შექმნილ ვითარებაში მთავარია, პარტიებმა ყველაფერი გააკეთონ ხმების სწორად დასათვლელად:

„2 მილიონი ამომრჩეველი ვირუსის საფრთხის ქვეშ, რისკის ფასად მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა პოზიცია და ვიდრე პარტიები იტყვიან, რომ ეს დღე არ ითვლება, ჯერ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა სწორად დაითვალოს მონაცემები და თუ სადმე პრობლემა იყო, ან გადაითვალოს ის უბნები, ან გაბათილდეს იმ კონკრეტულ უბნებზე შედეგები, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება, თავიდანაც ჩატარდეს. ჯერჯერობით ეს მცდელობები არ ჩანს”.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. პარტიების აზრით, რომ არა დარღვევები, „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა. პარტიების ნაწილი პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობას არ აპირებს და რიგგარეშე არჩევნების გამართვას მოითხოვს. ისინი მორიგი საპროტესტო აქციის ჩატარებას 8 ნოემბერს გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S