Accentnews.ge
ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ეუთო საბოლოო დასკვნაში დარღვევებზე მათ მიერ მიწოდებულ "ქეისებს" გაითვალისწინებს

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ეუთო საბოლოო დასკვნაში დარღვევებზე მათ მიერ მიწოდებულ "ქეისებს" გაითვალისწინებს

02/11/2020 11:47:07 საშინაო პოლიტიკა

ოპოზიციის ლიდერები საერთაშორისო დამკვირვებლებს ხვდებიან. მათი განცხადებით, ისინი დამკვირვებლებს საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების კონკრეტულ მაგალითებს გააცნობენ.

"მე აქ მაქვს მოტანილი ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომელზეც მექნება საუბარი. აქ არის მაგალითები კონკრეტულად როგორ ხდებოდა დათვლის დროს გაყალბება, როგორ არის უფრო მეტი ბიულეტენი ჩაყრილი ურნაში, ვიდრე იყო საერთო ჯამში ხელმოწერების რაოდენობა. არის მასშტაბური, ე.წ. კარუსელის მაგალითები", – განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის მიზანია, საერთაშორისო დამკვირვებლებს ნათლად აჩვენონ, რომ ცსკ–ის მიერ გამოქვეყნებული შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

"მე მაქვს კონკრეტული „ქეისი“, როგორ გააყალბა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები. დიდუბე-ჩუღურეთში მე დამაკლდა 100 ხმა და ანა დოლიძეს მოუმატეს 2057 ხმა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოკლებული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

პოლიტიკური პარტიის "სტრატეგია აღმაშენებელი" ლიდერი გიორგი ვაშაძეც კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობს.

„ისნის რაიონის 80 უბნიდან 80%-ში ბიულეტენები აკლია საარჩევნო უბანში. ეს ნიშნავს, რომ მასიურად ე.წ. სომხური კარუსელი გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”. სწორედ ფულის გადაცემის ვიდეოები, რაც ნაჩვენები გვქონდა, ამას ნიშნავს. ჩვენ არ ვაპირებთ, შევეგუოთ იმას, რაც ახლა არის, ვაპირებთ ბრძოლას. მოვუწოდებ ყველას, რომ კვირას, 3 საათზე მოვიდეს რუსთაველზე, ყველა უნდა შევიკრიბოთ და საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილებები გვექნება”,- განაცხადა ვაშაძემ.

"ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა საბოლოო არ არის.

"საბოლოო დასკვნა იქნება მას შემდეგ, რაც ყველა დოკუმენტს მივაწვდით მათ. იმედი მაქვს, რომ ეუთო/ოდირი გაითვალისწინებს იმ რეალობას, რომელიც არის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს და ხელისუფლებას ხმების გაყალბების საშუალება არ უნდა მისცეს:

"დღეს ოპოზიციას კარგად ესმის, რომ თუ ჩვენ ამას გადავყლაპავთ, შეიძლება, 2024-ში არჩევნები საერთოდ არ ჩაგვიტარონ და ივანიშვილმა თვითონ, ან თავისი შვილი მეფედ გამოგვიცხადოს".

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. პარტიების აზრით, რომ არა დარღვევები, „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა. პარტიების ნაწილი პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობას არ აპირებს და რიგგარეშე არჩევნების გამართვას მოითხოვს. ისინი მორიგი საპროტესტო აქციის ჩატარებას 8 ნოემბერს გეგმავენ.

პარლამენტში შესვლაზე უარი უკვე თქვა პარტია "ევროპულმა საქართველომ". დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ოფიციალური პოზიცია ჯერ–ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S